
ბატონ პეტერს იმის ნაცვლად, რომ 30 წლის განმავლობაში ბევრი გერმანელის და ქართველის მიერ აშენებული ხიდი გაემყარებინა, საქართველოს ხელისუფლებასთან ყველა ხიდი დაწვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიის ელჩი თავისი დამოკიდებულებით ამ ხიდებს წვავს.
„ბატონი პეტერის მიმართ არანაირი მოლოდინი არ მაქვს. ვიცი, მომავალი წლის ივნისამდე არის მისი საქართველოში ყოფნის ვადა. სხვათა შორის, მას ვადა გასდიოდა ახლა ზაფხულში და გაიხანგრძლივა ერთი წლით. დადებითი მიმართულებით არანაირი მოლოდინი არ მაქვს. ვფიქრობ, მან საჯარო განცხადებებითაც და მეორე მხრივ, თავადაც კარგად იციან და როდესაც ვსაუბრობთ საქართველო პატარაა და ყველა ყველას იცნობს და გერმანულენოვანი საზოგადოებაც არ არის დიდი და ვიცით, ახლა მისი პირადი დამოკიდებულება. მას აქვს თავის პირადი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ და მისი ამომრჩევლის მიმართ. ამას ჩვენ ვერ შევცვლით. გერმანიის მთავრობას თუ უნდა, რომ ის წარმოადგენდეს, რა თქმა უნდა, მათი ნებაა და მათი ელჩი არის. თუმცა, რთულად წარმომიდგენია ამ ელჩის პირობებში, რომ შეძლოს რაიმენაირად საერთო ენის მონახვა. ყველას ესხმის თავს – მთავრობა იქნება, პარლამენტი იქნება, ჟურნალისტი იქნება, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იქნება თუ რაც იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ელჩის ამოცანაა, იყოს ხიდი ხელისუფლებებს შორის.
„ელჩის ამოცანაა, იყოს ხიდი ხელისუფლებებს შორის. ამის ნაცვლად, ბატონ პეტერს 30 წლის განმავლობაში ბევრი გერმანელის და ბევრი ქართველის და მეც ვიყავი ამის მონაწილე, აშენებული ხიდის გამყარება და გაფართოება რომ გაეკეთებინა, მან დაწვა ყველა ხიდი საქართველოს ხელისუფლებასთან, პირადად მან. ეს ძალიან სამწუხარო მდგომარეობაა. ყველაზე მეტად ვწუხვარ ამაზე. მთელმა საზოგადოებამ იცის, რა ურთიერთობები არის გერმანიას და საქართველოს შორის ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული. გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საელჩო გახსნა საქართველოში და ბევრი ქართველი, მათ შორის, ჩემი ჩათვლით, ვიყავით ჩართული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის იყო საპატივცემულო. სამწუხაროა, რომ ბატონი პეტერი თავისი დამოკიდებულებით და, არ ვიცი რატომ აქვს ეს დამოკიდებულება, თავისი დამოკიდებულებით ამ ხიდებს წვავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0