
მნიშვნელოვანია, მოძალადეებმა საკუთარი დანაშაული აღიარეს და ინანიებენ, რომ საკუთარი ქვეყნის წინაშე დანაშაული ძალადობით ჩაიდინეს. მნიშვნელოვანია, ათი მოძალადე აღიარებს, რომ მათი მიზანი პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება იყო, რაც ყველანაირად ადასტურებს, რასთან გვქონდა საქმე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია, წერტილი დაესმევა იმ სპეკულაციებსა და პროპაგანდას, რითაც ცდილობდნენ, შავი თეთრად წარმოედგინათ და ძალადობა სიკეთედ, რასაც სამწუხაროდ, ზოგიერთი უცხოეთიდან აკეთებს.
„ყველას მოვუწოდებდი, ამ მაგალითს მიბაძონ. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სადაც იქნება სინანული, იქ იქნება ადეკვატური რეაგირება ხელისუფლების მხრიდან, ეს იქნება გამოძიების პროცესში თუ შეწყალების ფორმა, თუნცა, რა თქმა უნდა, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე. გააჩნია, დანაშაულის სიმძიმეს. ამის მიხედვით იქნება შესაბამისი რეაგირება. ფაქტია, ეს იმ ადამიანების ჯგუფია, რომლებიც შიდა და გარე რადიკალებმა წააქეზეს დანაშაულზე. ერთი მხრივ, ეს ადამიანები რადიკალმა ოპოზიციამ წააქეზა და მეორე მხრივ, ბრიუსელიდან წამოსულმა განცხადებებმა. ეს ადამიანები დანაშაულზე წაიყვანეს, ციხისთვის გაწირეს, ციხეში მიატოვეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სხვებმაც ამ პროცესს შეხედონ, დასკვნები გამოიტანონ და სახელმწიფოს ეთანამშრომლონ და არა, სახელმწიფოს მტრებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0