
არის მცდელობა, საქართველოს ჩაითრიონ რუსეთთან ესკალაციაში, თუ რამის თავი აქვთ, იციან, სად არის ფრონტის ხაზი, თუ უნდათ რუკას ჩავუგდებ, ჩასვან თავისი ჯარისკაცები სანგრებში და იომონ, თუ ამის თავი არ აქვთ, შეეშვან საქართველოს ჩათრევას ამ უბედურებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში აკრედიტებული ზოგიერთი ელჩი ცდილობს, საქართველო რუსეთთან ესკალაციაში ჩაერთოს.
„გუშინ სიმართლის ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს, იმდენი სიმართლე ილაპარაკეს, რაც ოთხი წელია არ უთქვამთ. ამხილეს ფაქტობრივად ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. აშკარა გახდა, რომ მთელი ოთხი წელი მიზეზი, რატომაც ჩვენ დასავლეთი და ევროკავშირი გვერჩოდა იყო ის, რომ არ დავყევით მათ მთავარ მოთხოვნას და არ წავედით ესკალაციაზე რუსეთთან. ეს საუბარი, რომ თითქოს არავინ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას, აბა რა არის, როცა ქვეყანას ეუბნები, რომ უნდა დაუწესო სანქციები რუსეთს, ტურისტები არ შემოუშვა, ვაჭრობა არ გქონდეს, ღვინო არ გაიტანოს ქართველმა გლეხმა, ფრენები უნდა ჩავკეტოთ, როგორც გვითხრა ევროკავშირის ელჩმა, ბენზინი არ უნდა შემოიტანოს ბიზნესმა და იყიდოს ძვირი ბრიტანული ბენზინი. ეს ყველაფერი ნიშნავს საქართველოს ჩათრევას რუსეთთან ესკალაციაში, ეს ნიშნავს ისეთ ომს, სადაც არც ბრიტანელი, არც გერმანელი, არც ფრანგი და არავინ, ერთი ჯარისკაციც არ ჩამოვა ჩვენთან. შეგვატოვებენ მარტო, როგორც ყოველთვის.
რაც შეეხება ბრიტანეთის ელჩის განცხადებას, ის ბოლო პერიოდია კაბინეტიდან კაბინეტში დადის პირადად დ მათ შორის პარლამენტის წევრებთან, პირდაპირ ითხოვს, რომ საქართველოში არ შემოვიდეს რუსული გაზი თუ ბენზინი. ბრიტანეთის ელჩი ითხოვს სანქციების დაწესებას ანუ ომს. როცა მას ეუბნებიან, თუ ჩვენს ბიზნესს ავუკრძალავთ და არ შემოიტანს რუსეთიდან იაფ ბენზინს, მოუწევს ძვირი ბენზინის შემოტანა და გაძვირდება ყველა პროდუქტი, მისი პასუხია, არაუშავს, ჩვენთანაც გაძვირდაო. ასეთი ადამიანი შემდეგ რომ ქართულად გველაპარაკება და სიყვარულზე გველაპარაკება, ამ ფარისევლობას ვხედავთ. არის მცდელობა, საქართველოს ჩაითრიონ რუსეთთან ესკალაციაში, თუ რამის თავი აქვთ, იციან, სად არის ფრონტის ხაზი, თუ უნდათ რუკას ჩავუგდებ, ბრიტანეთის, გერმანიის, ჩასვან ის თავისი ჯარისკაცები სანგრებში და იომონ. თუ რამის თავი არ აქვთ, შეეშვან საქართველოს ჩათრევას ამ უბედურებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0