
პრობლემას ქართველებში ნუ ეძებენ, საკუთარ თავში ეძებონ - დამნაშავეები არიან დონორები, რომლებმაც სახელი შეილახეს, USAID ჩვენ დავხურეთ თუ ახალმა ადმინისტრაციამ? მასთან მიმართებით ბრალდებები იყო, რომ ისინი სხვა ქვეყნებში დესტაბილიზაციის შეტანას ცდილობდნენ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკელი კონგრესმენების მიერ მარკო რუბიოსადმი გაგზავნილი წერილი შეაფასა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი ქვეყანაში შემოსულ მსგავსი მოცულობის თანხებს უკვე ეჭვის თვალით უყურებს.
„ვინმე რაიმეს იტყვის უცხო ქალაქში და აქ, ცალ ფეხზე მდგომი აქტივისტები ავრცელებენ [ინფორმაციებს]. არავის არ უთქვამს საელჩოსა და ადგილობრივ თანამშრომლებთან დაკავშირებით, მათ საპენსიო ფონდებთან დაკავშირებით და სახელმწიფოს არანაირი პრეტენზია არ ქონია. რაც შეეხება საქართველოში დიდი მოცულობის ჩარიცხვებს, რომელიც სხვა ქვეყნებიდან ხორციელდება, ბოდიში მაგრამ USAID ჩვენ დავხურეთ თუ ახალმა ადმინისტრაციამ? მასთან მიმართებით ბრალდებები იყო, რომ ისინი სხვა ქვეყნებში დესტაბილიზაციის შეტანას ცდილობდნენ, ეს იყო იარაღი ხელისუფლების ცვლილებისა და ხალხზე ზემოქმედების. ასე რომ,ჩვენ ეჭვის თვალით ვუყურებთ მსგავს ფულად ნაკადს, რომელიც საქართველოში შემოდის, ამაში კი დამნაშავეები თავად დონორები არიან, რომლებმაც სახელი გაიფუჭეს. ნებისმიერი დონორის თანხის მოძრაობას ქართველი ხალხი ეჭვით უყურებს. ევროკავშირისა და სხვადასხვა ქვეყნის ელჩებისა და სხვადასხვა დონორის დამსახურებაა, რომ ისე გაიფუჭეს სახელი და ისე წაიხდინეს რეპუტაცია, რომ ნებისმიერი ასეთი ტრანზაქციის დროს, ქართველი ხალხი განგაშს ხსნის - „შემთხვევით, ეს თანხები ხომ არ არის, რომელიც მიმართულია ძირის გამოთხრისთვის“.
ამ საკითხთან დაკავშირებით, სუს-ის უფროსმა [მამუკა მდინარაძემ] ამომწურავად ისაუბრა, რომ დიდი თანხების მოძრაობას აკვირდებოდნენ, რომელიც ინსტიტუციებში მიემართებოდა, მათ შორის საგანმანათლებლო ინსტიტუციებში და არსებობდა გარკვეული კითხვის ნიშნები. დამნაშავეები არიან დონორები, რომლებმაც სახელი შეილახეს. აღმოჩნდა, რომ აქციების დროს, დეკემბერში, პოლიციელების წინააღმდეგობის გაწევისთვის შესაბამის აღჭურვილობას, NGO-ები ევროკავშირის ფულით ყიდულობდნენ და მოქალაქეებს აწვდიდნენ. დადასტურდა, რომ დეზინფორმაცია და პროპაგანდა უცხოური გრანტებით ფინანსდებოდა. დადასტურდა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ყალბი დასკვნები დონორების მხრიდან ფინანსდებოდა.
პრობლემას ქართველებში ნუ ეძებენ, საკუთარ თავში ეძებონ, თუ რატომ გაიფუჭეს რეპუტაცია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენებმა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ორპარტიული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი პერსონალი, რომლებიც, საქართველოში ანტიამერიკული რიტორიკის ზრდის ფონზე, ქართველი ოფიციალური პირების უსამართლო სამიზნეები არიან, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის პრესრელიზშია აღნიშნული.
წერილში კანონმდებლები მოუწოდებენ მდივან რუბიოს, საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღოს გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საგარეო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები და აშშ-ის მიერ დასაქმებული სხვა პერსონალი არ იქნებიან ცილისწამების ან მიზანში ამოღების მსხვერპლნი. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაცრად უპასუხოს საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ საშიშ სიცრუეს, რამაც აშშ-ის ყოფილი პერსონალი საფრთხეში ჩააგდო“.
0
0