
105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს. 105 წლის თავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას. მგონი, ეს პარალელი ძალიან ცხადია, ასევე ცხადია მისი შინაარსიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას გამოეხმაურა.
პაპუაშვილის თქმით, ამერიკელებმა ყველაზე კარგად დაანახეს ხალხს ბრიტანელებისა და ევროპელების სახე.
„რუსეთი 105 წლის წინ თავს დაესხა საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო არ მოსწონდა, უნდოდა, შეეჩერებინა ჩვენი სახელმწიფოს არსებობა, ხოლო ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას, რათა შეაჩეროს თავისუფალი სიტყვა. ეს არის მთავარი საკითხი. აღარაფერს ვიტყვი იმ შინაარსზე, რაც განმარტებებში ჰქონდათ, აბსოლუტური სისულელე, როგორ თუ, ტელევიზიაში ითქვა, რომ უკრაინა არის კორუმპირებული სახელმწიფო. დიახ, კორუმპირებული კი არა, ზეკორუმპირებულია, ერთმანეთის დაჭერაზე არიან გადასული.
რაც შეეხება მიზეზებს, რა თქმა უნდა, ბრიტანეთს ნამდვილად არ ანაღვლებს დეზინფორმაცია. ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი, „ფორმულას“ პატრონი და ხაზარაძე, „ტვ პირველის“ პატრონი, დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტულ-დეზინფორმაციული ტელეკომპანიის, პარტიული მედიის მფლობელები უზის თავისთან. მეორეც, ბრიტანეთი ახლახან აპირებდა, დაეფინანსებინა პარტიული კედლის გაზეთი „ტაბულა“, პარტიული მედია. პირდაპირ პარტიის კედლის გაზეთი უნდოდა, დაეფინანსებინა და ვერ შეძლო. დღემდე მალავს ბრიტანეთის ელჩი, აქამდე ჰქონდა თუ არა დაფინანსებული „ტაბულა“ . ასე რომ, დაივიწყეთ ეს, არანაირი ღირებულებები არ არსებობს. მგონი, უკვე დაგვანახა ეს თანამედროვე სამყარომ.
ამერიკელებმა ყველაზე კარგად დაგვანახეს ბრიტანელებისა და ევროპელების სახე. ყველაზე კარგად დაგვანახეს ბრიტანელებისა და ევროპელების მთელი სიყალბე, ფარისევლობა, რომ რაღაც ღირებულებებზე დგანან. 1 2 000 კაცი ჰყავთ დაჭერილი იმის გამო, რომ ვიღაცის კომენტარი არ მოეწონათ. ასე რომ, ეს ყველაფერი არის ფარისევლობა. დავფიქრდეთ, სინამდვილეში, რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს. ბრიტანეთის ელჩი კაბინეტიდან კაბინეტში დადის და ითხოვს, საქართველომ დაასანქციროს რუსეთი. ანუ აკრძალოს რუსეთიდან ენერგოპროდუქტების, ბენზინის, გაზის შესყიდვა. შემცირება ნიშნავს, რომ უნდა შეზღუდო, შეზღუდვა ნიშნავს, რომ უნდა დააწესო სანქცია, სანქციის დაწესება ნიშნავს ესკალაციას, ესკალაცია – ომს, სადაც ჩვენ ვიქნებით მარტო. შემდეგ მოვისმენთ ტკბილ განცხადებებს ბრიტანეთიდან და ბრიუსელიდან საქართველოსთან დაკავშირებით. ბრიტანეთი როცა ებრძვის მართალ სიტყვას, ეს არის ყველაზე კარგი ლუსტრაცია, რასთან გვაქვს საქმე. ბრიტანეთის ელჩმა ეს ზღაპრები მოუყვეს საელჩოში თავის თანამშრომლებს უნდა ქართულად, უნდა – ინგლისურად. ამ ზღაპრების არავის აღარ სჯერა. ჩვენ ვიცით, რაც უნდათ. ეს არის თავდასხმა, 105 წლის თავზე თავს ესხმიან თავისუფალ ქართულ მედიას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.
0
0