09/06/2023
16:15
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა ორმაგი სტანდარტია. მისივე თქმით, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ, კარგი იქნება თუ წინა პერიოდსაც გაიხსენებენ და სიმართლეს იტყვიან.
„მაშინ შესაძლოა ვინმემ დაგიჯეროთ კიდეც“,- მიმართა საკრებულოს წევრმა ოპოზიციონერ კოლეგებს. განცხადება ამის შესახებ შალვა ოგბაიძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
„2012 წლის გაზაფხულს გაგახსენებთ, როდესაც ე.წ. ანტენების პოლიცია შეიქმნა, რომელიც სატელიტურ ანტენებს დასდევდა. ასევე გავიხსენებ პერიოდს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ტელეფონზე შიშით ვერ საუბრობდნენ. იმ დროს ქუჩაში, ნებისმიერი გამვლელისთვის, რომ გეკითხა ვინ იყო ფინანსური პოლიციის უფროსი, გიპასუხებდათ - კეზერა. დღეს ვინმეს ახსოვს ვინ არის ფინანსური პოლიციის უფროსი? ან ვინმემ იცით ისეთი ადამიანი, ვინც ღამე დაიბარეს და ქონების გადაფორმება მოსთხოვეს?“,- განაცხადა შალვა ოგბაიძემ და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ერთ შემომწირველზე ისაუბრა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ჩეჩნეთში „პუტინის თასში“ მონაწილეობა მიიღო.
„თქვენი შემომწირველის შესახებ არაფერი გსმენიათ? რუსთავის ავტოდრომის მეპატრონემ „ახმადის“თასი რომ ჩაატარა, ხოლო თვითონ „პუტინის თასში“ მიიღო მონაწილეობა ჩეჩნეთში. ამავე შემომწირველმა საქართველოს ერთ ერთი სპორტული ორგანიზაცია საერთაშორისო ევროპული ზონიდან გამოიყვანა და დსთ-ს ზონაში შეიყვანა. თქვენგან მე ამასთან დაკავშირებით პროტესტი არ გამიგია“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
0
0