
ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურია.
შალვა კერესელიძის თქმით, „ოცნებას“ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვა იმის გამო უნდა, რომ არ მოსწონს სამართლიანი კრიტიკა და არ სურს, მისი პარტიის წევრები ხალხს ესაუბრონ.
„პარლამენტში იმის გამო შემოვედით, რომ საზოგადოებასთან, ჩვენს ამომრჩეველთან გვესაუბრა და გვეთქვა სიმართლე, რა ხდება ქვეყანაში. სწორედ სხდომათა დარბაზში გაგვეხმოვანებინა მათი ხმა და პრობლემები, ასეც ვიქცევით. სამწუხაროდ, ეს მმართველ გუნდს არ მოსწონს. არ მოსწონს განსხვავებული აზრი და სიმართლე, სამართლიანი კრიტიკა. ყველაფერს აკეთებს, რომ ამ პროცესებში ხელი შეგვიშალოს. მმართველ გუნდთან დიდი დაპირისპირება საოკუპაციო ნაწილში გვაქვს. საოკუპაციო რეჟიმის საარჩევნო დაპირებაა, რომ სოფელ ჩორჩანას საოკუპაციო რეჟიმს დაუბრუნებს და ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს გააერთიანებს. ეს ნიშნავს, რომ ანექსიის პროცესი მეტად დაჩქარდება. ამ ყველაფერზე ხელისუფლება დუმს და მათი პასუხია დანაშაულებრივი ბოდიშის მოხდა. ამას არც გავატარებთ და არც მოვითმენთ. ჩვენი აქტივობა „ოცნებას“ არ აწყობს“, – აღნიშნავს შალვა კერესელიძე.
კითხვაზე, „არის თუ არა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმური“, კერესელიძე პასუხობს – „ამას რა მნიშვნელობა აქვს?“.
დეპუტატის თქმით, მისმა პარტიამ გადაწყვეტილება მიიღო და პარლამენტში შევიდა.
„ლეგიტიმურია თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. დღეს „ოცნებას“ ძალაუფლება აქვს“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ. დამაზუსტებელ კითხვაზე, „მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, არის თუ არა ლეგიტიმური დეპუტატი?“, კერესელიძე პასუხობს, რომ თავად ლეგიტიმური დეპუტატია, რადგან ხალხმა მიანიჭა მანდატი.
„ხალხმა მათაც მიანიჭა მანდატი“, – აღნიშნა კერესელიძემ. რაც შეეხება კითხვას, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და პარლამენტი ლეგიტიმურია თუ არა?“, კერესელიძე პასუხობს: „რა თქმა უნდა, კი-თქო, გითხარით, სხვანაირად როგორ გითხრათ?“.
0
0