
ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში, საპორტო ზონაში მდებარე ახალ მიმღებ ცენტრში ასობით მიგრანტის გადაყვანის დროს არეულობა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მათი ცნობით, არეულობა მაშინ დაიწყო, როდესაც პოლიცია მიგრანტებს ფეხით პორტისკენ აცილებდა.
ჟურნალისტების ინფორმაციით, სწორედ პორტში მდებარეობს ახალი მიმღები ცენტრი, რომელიც დაახლოებით 1 800 ადამიანზეა გათვლილი. სეუტას პლაჟებზე მოწყობილ დროებით ბანაკებში კი 3 000-დან 4 000-მდე მიგრანტი იმყოფებოდა.
მედიის ცნობით, მიგრანტების ნაწილი პორტისკენ გაიქცა, ისინი ცდილობდნენ, რაც შეიძლება სწრაფად დაეკავებინათ ადგილი ახალ მიმღებ ცენტრში. პოლიციას კონტროლის დასამყარებლად დამატებითი ძალების მობილიზება დასჭირდა.
„ევრონიუსის“ ცნობით, პოლიციელებმა რამდენჯერმე ჰაერშიც გაისროლეს.
ცნობისთვის, ივლისის ბოლოს სეუტაში ათასობით მაროკოელი მიგრანტი შეიჭრა. მათი უმეტესობა მალევე დააბრუნეს სამშობლოში, თუმცა 5 000-მდე მიგრანტი რამდენიმე თვეა, ქალაქში რჩება. ისინი დროებით მოწყობილ ბანაკებში ცხოვრობენ.
ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანეთის ავტონომიური ქალაქის, სეუტის მერმა ქალაქის წინააღმდეგ „ზეწოლის პოლიტიკის“ განხორციელებაში მაროკო დაადანაშაულა. მან ევროკავშირს მოუწოდა, უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს რაბატის მიმართ და გამოყოს თანხები საზღვრის დასაცავად.
0
0