30/10/2022
11:56
მსოფლიო
სეულში ჰელოუინის ფესტივალზე მომხდარ ტრაგედიას, ბოლო ცნობებით, 151 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევის ადგილი პირადად დაათვალიერა ქვეყნის პრეზიდენტმა. იუნ სოკ იოლი აცხადებს, რომ აუცილებლად გამოიძიებს გამომწვევ მიზეზებს და მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა ეს აღარასდროს გამეორდეს.
სამხრეთ კორეას სამძიმრის წერილებს უგზავნიან ლიდერები მთელი მსოფლიოდან. მათ შორის ემანუელ მაკრონი, რიში სუნაკი , ოლაფ შოლცი. თეთრმა სახლმა საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მზაობაც გამოთქვა.
სამხრეთ კორეაში კოვიდ შეზღუდვების შემდეგ , პირველი ჰელოუინი ტრაგედიად იქცა. ფესტივალზე გასართობად მისულთა ნაწილისთვის საღამო უკანასკნელი აღმოჩნდა. დაშავებულთა რიცხვი 82-ს აჭარბებს.
თვითმხილველების თქმით, ქაოსის დაწყებამდე, წვეულების მონაწილეები ვიწრო ქუჩებში ისე მჭიდროდ იყვნენ განთავსებული, რომ გადაადგილებაც კი უჭირდათ. ინციდენტის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ დასადგენია. მიმდინარეობს გამოძიება. ამ დრომდე ათასობით დაკარგულ ადამიანს ეძებენ.
პირველადი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი ჭყლეტაა. გარდაცვლილთა შორის არიან თინეიჯერები და უცხო ქვეყნის 19 მოქალაქე, მათ შორის ირანიდან, ნორვეგიიდან, ჩინეთიდან და უზბეკეთიდან.
მომხდარის გამო საგანგებო შეხვედრა გამართა ქვეყნის პრეზიდენტმა და ქვეყანაში ეროვნული გლოვა გამოაცხადა, რომელიც 5 ნოემბრამდე გაგრძელდება.
0
0