
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის აზრით, აშშ-ის სენატში „MEGOBARI აქტის“ ე.წ. ცხელი ხაზით გატანა (განხილვის გარეშე მიღება) ვერ მოხდება, თუმცა მისივე განცხადებით, ეს კანონპროექტის ჩავარდნას არ ნიშნავს.
როგორც კაპანაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, არსებობს „MEGOBARI აქტის“ მიღების ორი გზა, საიდანაც მისი ვარაუდით, კანონპროექტს აშშ-ის სენატში „აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტთან (NDAA) ერთად, სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში მიიღებენ.
„ცხელი ხაზის“ იდეა იყო ის, რომ სწრაფად მომხდარიყო „MEGOBARI აქტის“ მიღება ისე, რომ კენჭისყრაზე არ დამდგარიყო. ამ კანონპროექტს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, ასეთ შემთხვევაში კი, როგორც წესი, ცდილობენ ხოლმე, რომ ის „ცხელი ხაზით“ გაიტანონ. „ცხელი ხაზი“ გულისხმობს იმას, რომ საკითხი არ დგება კენჭისყრაზე, პირდაპირ მიდის კომუნიკაცია სენატორებთან, ყველა ამბობს, რომ წინააღმდეგი არაა და ამიტომ გავიდეს.
როგორც გავრცელდა ინფორმაცია, სამმა სენატორმა მოითხოვა, რომ განხილვა იყოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტი ჩავარდა. არ ჩავარდება, უბრალოდ იმ სენატორებს უნდათ, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ. ვიცით, რომ სენატორი პოლი, ზოგადად, სანქციებს ეწინააღმდეგება და მოსალოდნელიც იყო, რომ მას შეიძლება ეს „ცხელი ხაზი“ შეეჩერებინა. ამის მერე არის ორი გზა: 1. სტანდარტული პროცედურით გავიდეს კენჭისყრაზე და 2. მოხდეს მისი მიბმა „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე“ (NDAA). მე ასეთი მოლოდინი მაქვს - ალბათ, ამ ორიდან უფრო რეალისტური იქნება მისი მიბმა „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე (NDAA)“, რომელიც გადის ხოლმე შემოდგომაზე. შესაბამისად, ეს არის სავარაუდო გზა. ეს ნიშნავს იმას, რომ გადაიწია ერთი- ორი თვით, მაგრამ არ მგონია, რომ ამაზე უფრო შორს წავიდეს ეს საკითხი.
„ცხელი ხაზის“ პროცედურა არის ძალიან არაფორმალური, ეს შეიძლება ნებისმიერ დროს დაბრუნდეს. გაწერილიც კი არ არის ზუსტად, იმდენად არაფორმალური პროცედურაა. ეს არის თამაშის წესი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სენატში არსებობს. როცა ბევრი საკითხი განიხილება, ასე უფრო ეფექტიანად ახერხებენ გადაწყვეტილებების მიღებას. ბუნებრივია, შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს, თუმცა მე არ ველი, რომ ეს შეიცვლება - მგონი, არ არის პრაქტიკა, რომ სწრაფად იცვლებოდეს მსგავსი გადაწყვეტილებები. მე ველი, რომ NDAA-ის გზას აირჩევენ. მგონია, რომ სადღაც სექტემბერში, ოქტომბრის დასაწყისში იქნება მიღებული“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ცნობისთვის, MEGOBARI აქტი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის, მიერ საქართველოსთან დაკავშირებული წარდგენილი კანონპროექტია, რომელიც - ერთი მხრივ - ითვალისწინებს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაღრმავებას, ხოლო - მეორე მხრივ - სანქციების დაწესებას საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში შემჩნეული პირებისთვის. 2025 წლის 5 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ, მეგობარი აქტს კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო.
ამასთან, როგორც Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში 23 ივლისს წერდა, სენატში აქტის მიღებას სენატორების რენდ პოლის, მაიკ ლისა და მარკუეინ მალინის პოზიცია აჭიანურებდა. მოგვიანებით კი მანვე გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სწორედ „ეს სამი სენატორი შეცდომაში შეიყვანეს იმგვარი მტკიცებით, თითქოს MEGOBARI აქტი სანქციებს საქართველოს უწესებდა“.
0
0