
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი დარწმუნებულია, რომ მხარეები უკრაინული კრიზისის გადაწყვეტის ზღვარზე არიან. ამის შესახებ განცხადება რიაბკოვმა ამერიკულ ტელეკომპანია „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც რიაბკოვმა აღნიშნა, ეს არა ომი, არამედ ეს რუსული „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“, რომელიც გარდაუვალი იყო.
„საკმაოდ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ საშინელი კრიზისის გადაწყვეტის ზღვარზე ვართ. ჩვენ არ გვჯერა, რომ ეს ომია. ეს რუსული სპეციალური სამხედრო ოპერაციაა, რომელიც გარდაუვალი იყო. იმ დროს, როდესაც ეს ოპერაცია დავიწყეთ, მოვლენები ძალიან არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ჩვენ მაშინ სხვა გზა არ გვქონდა. ახლა ყველა ამ საშინელი ტრაგედიების, სხვაგან განვითარებული მოვლენების შემდეგ, რაც მაინცდამაინც არ ყოფილა დაკავშირებული ამ სიტუაციასთან, მჯერა, რომ მთელ მსოფლიოში და მათ შორის, აშშ-შიც დაიწყეს ალტერნატივების განხილვა. ჩვენ მზად ვართ გარიგებისთვის, ტრამპის სიტყვა რომ გამოვიყენოთ. მე იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება და არა გვიან. შეიძლება ცინიკურად ჟღერდეს, მაგრამ ჩემი მოსაზრება ასეთია – ჩვენ გვინდა ამის შეჩერება. გაჩერება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე რომ კიევის მხარდამჭერებმა აღიარონ ჩვენი გარდაუვალი წარმატება ან სამხედრო ოპერაციის სახით, ან კომპრომისით, გარიგებით, რომლის მიღწევაც შეიძლება, მოხდეს დიპლომატიური საშუალებებით. ამაზე ახლა ვართ ფოკუსირებულები“, – განაცხადა რიაბკოვმა.
0
0