
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შესაძლოა, მალტაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე, უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი განიხილონ.
როგორც Reuters-ი წერს, ლავროვი პირველად ეწვევა ევროკავშირის წევრ ქვეყანას მას შემდეგ, რაც, 2022 წლის თებერვალში, რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა. ლავროვსა და ბლინკენს [რომელსაც უფლებამოსილების ვადა მომავალ თვეში ეწურება] შორის შეხვედრა ოფიციალურად დაგეგმილი არ არის.
2023 წლის მარტში, ნიუ დელიში გამართული G20-ის შეხვედრის ფარგლებში, ლავროვი და ბლინკენი ერთმანეთს დაუგეგმავად შეხვდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრა 10 წუთზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. მოგვიანებით, ბლინკენმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მან ლავროვს დიპლომატიურ მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდა. ლავროვმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იყო, თუმცა მას აშშ-ის პოზიციებზე ახალი არაფერი მოუსმენია.
0
0