
დასავლეთმა მრავალმხრივ ღონისძიებებზე „სრულიად სამარცხვინო სიტუაციების“ წარმოშობა დაუშვა, როდესაც რუსეთის „იზოლაცია“ სცადა, საბოლოო ჯამში კი ამ იზოლაციამ დასავლეთის თვითიზოლაცია გამოიწვია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვი აქტიურად აგრძელებს დიპლომატიის განვითარებას იმ ქვეყნების მიმართულებით, რომლებიც მსოფლიოს უმრავლესობას წარმოადგენენ: აზიასთან, აფრიკასთან, ლათინურ ამერიკასთან.
„იზოლაცია, რომელზეც დასავლეთი საუბრობს, სინამდვილეში, იმავე დასავლური სამყაროს თვითიზოლაციაა. იყო აბსოლუტურად სამარცხვინო სიტუაციები, როდესაც საერთაშორისო ღონისძიებებზე, მაგალითად, G20-ზე შეთანხმდნენ და ხელი არ ჩამოართვეს რუსეთის წარმომადგენლებს. შეხვედრების ოთახის მახლობლად, დერეფანში როდესაც დაგვინახეს, თითქოს სხვა მხარეს გაიხედეს და გაიქცნენ – ზრდასრული ადამიანები“, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპაში „ანტირუსული ისტერიის მატარებელ პოლიტიკოსებს“ საკუთარი სტრატეგიების არ სჯერათ. მისივე თქმით, „შესაბამისად, განწირულები არიან“.
0
0