
სერგეი ლავროვის თქმით, პუტინი მზადაა, შეხვდეს ზელენსკის, თუ ყველა საკითხი, რომელიც საჭიროებს განხილვას უმაღლეს დონეზე, იქნება კარგად დამუშავებული.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში, ინდოელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ლავროვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს უსაფრთხოების გარანტიების იმ პრინციპებს, რომლებიც 2022 წელს სტამბოლში იყო შეთანხმებული, ხოლო ყველაფერ დანარჩენს უპერსპექტივო წამოწყებად აფასებს.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ კიევს სურს დარეგულირების იმ ძალისხმევის შერყევა, რომელსაც ტრამპი ახორციელებს.
ამასთან, ლავროვმა განაცხადა, რომ ევროპა გამოდის უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური ინტერვენციის წინადადებით და ეს მოსკოვისთვის „აბსოლუტურად მიუღებელია“.
„რაც შეეხება მოტივებს, რომლითაც ხელმძღვანელობს ე.წ. მსურველთა კოალიცია, მე ვხედავ ბევრ ნიშანს, რომ ეს აქტიურობა მიმართულია იმ პროგრესის შერყევისკენ, რომლის კონტურებიც მკაფიოდ გამოჩნდა, ალასკის სამიტის შედეგად“, – განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, როდესაც ზელენსკი საუბრობს პუტინთან ერთობლივ სამიტზე, ის „ცდილობს, შეარყიოს დარეგულირების ძალისხმევა და ამას კომედიური გადაცემა „კვარტალი 95“-ის მსგავსი ილეთებით აკეთებს“.
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ „როდესაც და თუ უკრაინასთან მომავალი შეთანხმებების ხელმოწერამდე მივა საქმე, სწორედ მაშინ დადგება უკრაინული მხრიდან ხელმომწერების ლეგიტიმურობის საკითხი“.
0
0