01/05/2025
16:29

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო და რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან.
ტელეგრამის არხის AMRA-life-ის ცნობით, კირიენკო ყირიმიდან სოხუმში აფხაზეთის პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან ერთად ჩაფრინდა. 29-30 აპრილს გუნბა დელეგაციასთან ერთად რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში იმყოფებოდა.
კირიენკო, გუნბა და მურაშკო სოხუმში გაეცნენ ახალი რესპუბლიკური ბავშვთა საავადმყოფოს მშენებლობის მიმდინარეობას, რომელიც აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დახმარების რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში შენდება.
მურაშკო გაგრის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოსაც ესტუმრა. მან იმედი გამოთქვა, რომ ჯანდაცვის დაწესებულებების მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა ტექნიკური საკითხი 15 მაისამდე მოგვარდება.
შეგახსენებთ, რომ დელეგაციის ვიზიტის დღეს მოსკოვიდან სოხუმში პირველი რეგულარული რეისი შესრულდება - საჰაერო მიმოსვლა პირველად აღდგება საქართველო-აფხაზეთის ომის შემდეგ.
0
0