
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციების კომენტირებისას განაცხადა, რომ მზად არის არჩევნები ჩაატაროს უახლოეს სამ-ოთხ თვეში, თუ ამას ოპოზიცია მოითხოვს. ამის შესახენ მან ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური შეფასებით, 15 მარტს ბელგრადში გამართულ საპროტესტო აქციებში სულ მცირე 107 000 ადამიანი მონაწილეობდა. თუმცა ამავდროულად, ადგილობრივი ორგანიზაცია „სახალხო შეკრებების არქივი“, რომელიც ქუჩის საპროტესტო აქციებს აკვირდება, აცხადებს, რომ გუშინ ბელგრადის ქუჩებში 275-325 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
სერბეთის პრეზიდენტის თქმით, არეულობებში მონაწილეობისთვის 22 ადამიანი დააკავეს. მისივე თქმით, მათ ბრალი ედებათ სახელმწიფო ქონების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში, პოლიციელებზე თავდასხმაში და სხვა დანაშაულებში. ვუჩიჩის თქმით, დაშავდა 56 ადამიანი.
ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი პოლიციასთან შეტაკებების პროვოცირებას ცდილობდა.
სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის ახალი არჩევნებისთვის უახლოეს სამ-ოთხ თვეში, თუ ამას ოპოზიცია მოითხოვს. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით, ეს არჩევნები მას კიდევ უფრო დამაჯერებელ გამარჯვებას მოუტანს.
0
0