25/11/2024
22:28
მსოფლიო
სერბეთის პარლამენტში დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მმართველ პარტიას ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის შენობის სახურავის ჩამონგრევაზე პასუხისმგებლობის აღებას მოსთხოვეს.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რადომირ ლაზოვიჩმა ტრიბუნაზე წითლად შეღებილი ხელის გამოსახულება გააკრა წარწერით „თქვენი ხელები სისხლითაა მოთხვრილი“. ამას ჯანდაცვის მინისტრთან, ზატიბორ ლონჩართან შელაპარაკება მოჰყვა, რაც ჩხუბში გადაიზარდა.
„მკვლელები“, – სკანდირებდნენ ოპოზიციონერი კანონმდებლები, რომლებსაც ხელში საპროტესტო ბანერები ეჭირათ.
პარლამენტში დაგეგმილი იყო 2025 წლის ბიუჯეტის განხილვა, თუმცა ოპოზიცია სადგურის შენობის სახურავის ჩამონგრევის საკითხის განხილვას ითხოვდა. მმართველი პარტიის ოპონენტებმა ასევე მოითხოვეს მთავრობისადმი ნდობის საკითხზე კენჭისყრის ჩანიშვნა, თუმცა პარლამენტის სპიკერმა, ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ ეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს ორშაბათის დღის წესრიგში შეტანილი არ იქნება.
სადგურის განახლებული სახურავი პირველ ნოემბერს ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ოპოზიციის ლიდერები და მოსახლეობის ნაწილი მომხდარს მთავრობის კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირებს. სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის მინისტრები გადადგნენ, ასევე თანამდებობა დატოვა სერბეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა.
გამოძიების მიმდინარეობისას გასულ კვირას 12 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ყოფილი მინისტრი.
ოპოზიცია ითხოვს პრემიერ-მინისტრის, მილოშ ვუჩევიჩის გადადგომას, რომელიც ნოვი-სადის მერის თანამდებობას იკავებდა იმ დროს, როდესაც სადგურის შენობის რეკონსტრუქცია დაიწყო.
მმართველი კოალიცია ბრალდებებს უარყოფს.
თარგმანი: პირველი არხი
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024