03/11/2023
11:16
ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.8 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი – ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.6 პროცენტით, რაც 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.4 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (7.0 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (1.9 პროცენტი) ჯგუფებზე; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაზრდილია 1.3 პროცენტით, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (1.4 პროცენტი) და ალკოჰოლურ სასმელებზე (1.1 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
0
0