20/05/2022
22:05
სამართალი
საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული ი.ჯ. გამართლდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს, ქ.თბილისში, ქ.თბილისის საკრებულოს, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ი.ჯ.-მ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ძალადობა განახორციელა მისი ბიუროს სპეციალისტის - თ.თ.-ს მიმართ.
ი.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ი.ჯ. ყველა წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რასაც ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება, მიაჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ი.ჯ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და განაჩენს კანონით დადგენილ ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ილია ჯიშკარიანი თანამშრომელმა თამთა თოდაძემ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში 2019 წელს დაადანაშაულა. გენერალურმა პროკურატურამ ჯიშკარიანს ბრალი 2019 წლის 8 ოქტომბერს წარუდგინა, თამთა თოდაძე კი დაზარალებულად ცნო.
0
0