
აშშ-ის დემოკრატმა სენატორმა, რიჩარდ ბლუმენტალმა „Suspilne“-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნდა შეცვალოს მომლაპარაკებლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, რომლებიც ჩართული არიან რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების პროცესში.
სენატორმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ტრამპი უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე სამშვიდობო შეთანხმების სწრაფად ხელმოწერისკენ უბიძგებს.
„მე ღრმად შეშფოთებული ვარ, რომ ტრამპი უკრაინას ბედის ანაბარა ტოვებს. ის აიძულებს უკრაინას ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს, რომლებიც უსამართლო და დაუსაბუთებელია და ართმევს კიევს სამხედრო დახმარებას, რომელიც უკრაინას პუტინის ხოცვა-ჟლეტვისგან თავის დასაცავად სჭირდება“, – აღნიშნა ბლუმენტალმა.
ამასთან, სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, სენატრომა განაცხადა,რომ ისინი „სრულიად ცალმხრივია იმის გათვალისწინებით, თუ როგორ წარმართავენ მოლაპარაკებებს ტრამპის წარმომადგენლები“.
„ვფიქრობ, ტრამპს ახალი წარმომადგენლები სჭირდება – უიტკოფი და კუშნერი, როგორც ჩანს, რუსეთის მხარეს არიან და არა მიუკერძოებელი მომლაპარაკებლები. მთელი „სამშვიდობო გეგმა“ უნდა გაუქმდეს. ისინი საწყის წერტილს უნდა დაუბრუნდნენ“, – აღნიშნა ბლუმენტალმა.
ამასთან, სენატორი გამოეხმაურა ტრამპის განცხადებას უკრაინაში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
„როგორც ჩანს, ტრამპი პუტინს ამშვიდებს. არჩევნები კი მხოლოდ კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რასაც ის პუტინს ცდილობს. პუტინი არჩევნებს არ ატარებს. ზელენსკისაც არ სჭირდება“, – აღნიშნა ბლუმენტალმა.
0
0