
სენაკის რაიონის სოფელ ისულაში წმ. დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესია აშენდა.
ეკლესიის მშენებლობის ინიციატორი და დამფინანსებელია ბიზნესმენი, მეღვინეობა „ბადაგონის“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია. სწორედ ისულაშია ბიზნესმენის მამა-პაპისეული სახლი.
საგულისხმოა ისიც, რომ ახალი ეკლესიის მშენებლობის ადგილას, ძველი, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი ფუნქციონირებდა, რომელიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, კომუნისტებმა დაანგრიეს და მის ადგილას დაწყებითი საშუალო სკოლა ააშენეს.
ბიზნესმენ გიორგი სალაყაიას ოჯახისთვის, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის სწორედ ამ ადგილას აშენების იდეასა და სურვილს, საინტერესო ისტორია აქვს.
როგორც გიორგი სალაყაიას მეუღლე, თამარ ჯოჯუა გვიყვება, რამდენიმე წლის წინ, ბებია-ბაბუის სახლის სხვენში, ე.წ. სახლის ნასყიდობის დოკუმენტი იპოვეს, სადაც აღწერილი იყო სახლის გარშემო არსებული შენობა-ნაგებობები და მათ შორის იყო მოხსენიებული წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარიც.
თამარ ჯოჯუას თქმით, როგორც ჩანს, ეს დოკუმენტი, საგულდაგულოდ იყო გადამალული, რათა კომუნისტებს ვერ აღმოეჩინათ.
„ამ ადგილას ეკლესიის არსებობის შესახებ, სხვა საარქივო მასალების მოძიება სწორედ ამ დოკუმენტის აღმოჩენის შემდეგ დავიწყეთ. ჩვენს მიერ მოძიებული ყველა მასალა იმაზე მეტყველებდა, რომ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, ისულაში, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი იდგა. დიდხანს არ გვიფიქრია იმაზე, რომ ამავე ადგილას ახალი ტაძარი აგვეშენებინა. ჩვენი ოჯახისთვის ამ ადგილს და იქ არსებულ ძველ ტაძარს დიდი დატვირთვა აქვს და გვიხარია, რომ ისევ დაირეკება ზარები წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში.“- განაცხადა თამარ ჯოჯუამ.
სენაკის რაიონის სოფელ ისულაში წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის გახსნა და კურთხევა 9 ნოემბერს გაიმართება.
1
0