
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, სენაკის მერმა თავისი მეგობრისა და ბიზნესპარტნიორის მამას 7 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვა მისცა.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2021 წლიდან დღემდე, შპს „აფომ“ სენაკის მერიისგან 5,293,214 ლარის ღირებულების 20 ტენდერი და 1,821,626 ლარის 14 გამარტივებული შესყიდვა მიიღო.
ორგანიზაცია მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროსა და საქართველოს პროკურატურას, შეისწავლონ თითოეული შესყიდვა და დაადგინონ, შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს.
„შპს „აფოსთვის“, რომელსაც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ყოფილი ბიზნესპარტნიორის და მეგობრის, გიორგი აფაქიძის მამა, ამირან აფაქიძე ფლობს, ყველაზე მსხვილი შემსყიდველი სენაკის მერიაა. მხოლოდ ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, 2021 წლიდან დღემდე, შპს „აფომ“ სენაკის მერიისგან 5,293,214 ლარის ღირებულების 20 ტენდერი და 1,821,626 ლარის 14 გამარტივებული შესყიდვა მიიღო.
შპს „აფო“ 2014 წელს დაფუძნდა და მისი ერთადერთი მფლობელი და ხელმძღვანელია ამირან აფაქიძე. დაარსების დღიდან დღემდე კომპანია აქტიურად იმარჯვებს ტენდერებში. ამ პერიოდში მან ჯამში 13,060.144 ლარის ღირებულების 99 ტენდერი მოიგო, გარდა ამისა, 3,289,633 ლარის 42 გამარტივებული შესყიდვაც მიიღო. მოგებული ტენდერებიდან შპს „აფოს“ 41-ში კონკურენტი არ ჰყოლია, 14 შესყიდვა კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.
ამირან აფაქიძის შვილის, გიორგი აფაქიძის ბიზნესპარტნიორი იყო სენაკის დღევანდელი მერი, ვახტანგ გადელია. მათ 2017 წელს დააარსეს კომპანია "სამშენებლო ჯგუფი". 2019 წელს ვახტანგ გადელიამ თავისი წილი უსასყიდლოდ გადასცა გიორგი აფაქიძეს და ამავდროულად შეიცვალა კომპანიის სახელიც - მას „ვერტისოლი“ ეწოდა. შპს „ვერტისოლიც“ აქტიურად მონაწილეობს ტენდერებში და შემსყიდველ ორგანიზაციებს ძირითადად ფარდა-ჟალუზებს აწვდის. 2018 წლიდან დღემდე კომპანიამ ჯამში 1,257,385 ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო, ასევე მიიღო 265,557 ლარის ღირებულების 105 გამარტივებული შესყიდვაც. კომპანიის მფლობელი, გიორგი აფაქიძე ფიქსირდება პოლიტიკურ შემწირველებს შორისაც - 2025 წელს მან პარტია „ქართულ ოცნებას“ 60,000 ლარი შესწირა.
ზემოაღნიშნული გარემოებები და შპს „აფოს“ პირდაპირი თუ ირიბი კავშირები სენაკის მერთან და „ქართულ ოცნებასთან“ აჩენს ეჭვებს სახელმწიფო შესყიდვებში მისი ჩართულობის კანონიერებასთან დაკავშირებით, რაც მიუკერძოებელ და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს. შესაბამისად მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს და საქართველოს პროკურატურას, შეისწავლონ თითოეული შესყიდვა და დაადგინონ, შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0
ფოთში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა
29/07/2025