26/04/2023
12:59
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) სასწავლო ცენტრს უკვე 500–მდე კურსდამთავრებული ჰყავს. სემეკის სასწავლო ცენტრში კურსები დაყოფილია რეგულირებადი ენერგო კომპანიების წარმომადგენლებისთვის შესაბამისი სპეციფიკით. სასწავლო ცენტრის მთავარ მიზნებად სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია რაც შეიძლება მეტი სპეციალისტის გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას ასახელებს.
სემეკის სასწავლო ცენტრის შექმნის წინაპირობა 2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები გახდა, რამაც მარეგულირებელს საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება მიანიჭა.
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ სასწავლო ცენტრის გახსნამდე, უკვე წლებია ფუნქციონირებს მედია კლუბის პროექტი, რომელიც დიდი წარმატებით მუშაობს. კლუბში წლების განმავლობაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ ენერგოსექტორის სექტორების წარმომადგენლებიც.
„სემეკი 2014 წლიდან ახორციელებს მედია კლუბის პროექტს, რომლის ფარგლებშიც მედიის წარმომადგენლებს ვაცნობთ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ სიახლეებს, რეგულირების სპეციფიკასა და საკანონმდებლო ბაზას. ბოლო წლების განმავლობაში მედია კლუბის პროექტში ჟურნალისტებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ როგორც სექტორში დასაქმებული პირები, ასევე არასამთავრობო სექტორისა თუ საგანმანათლებლო უწყებების წარმომადგენლები. სწორად, აღნიშნულმა მზარდმა ინტერესმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხების მიმართ განაპირობა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბება. გასულ წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, სემეკს მიენიჭა საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება. შესაბამისად, წინა წელსვე დავაფუძნეთ ბატონი ელიზბარ ერისთავის, სემეკის პირველი თავმჯდომარის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი. სასწავლო ცენტრის საქმიანობა განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელია ახალი ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბების პროცესში. სემეკს დღეისათვის გააჩნია კვალიფიციური ცოდნა არსებული საკვანძო საკითხების შესახებ. გარდა ამისა, სემეკის თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტები, რომლის გაზიარებაც მნიშვნელოვანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საქმიანობის განმახორციელებელი პირებისთვის. კომისიისათვის მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულმა პირებმა სასწავლო ცენტრის ფარგლებში მიღებული ცოდნა გამოიყენონ შემდგომ საქმიანობაში. სასწავლო ცენტრის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა პროექტი. ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს ენერგეტიკული თემატიკის, ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლება სასკოლო ასაკის ბავშვებში“, – აცხადებს დავით ნარმანია.
მისივე თქმით, სასწავლო ცენტრში, პირველად ქართული ტურიზმის ისტორიაში, სპეციალური კურსი შეიმუშავეს გიდებისთვის. ცოტა ხნის წინ ჩატარებულ კურსებზე მათ გააცნეს საქართველოს ჰიდრო და თბოენერგეტიკის ისტორია.
„რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მედია კლუბის პროექტს, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს აუდიტორიებში. გვაქვს ონლაინ კურსებიც, რათა ხელი შევუწყოთ იმ პირებსაც, რომლებიც ცხოვრობენ, საქმიანობენ რეგიონებში და თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. ვგეგმავთ ლაბორატორიის ჩამოყალიბებასაც და სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან ერთად კვლევითი მიმართულებით აქტივობების გაგრძელებასაც“, – ამბობს სემეკის თავმჯდომარე.
სასწავლო ცენტრს ხელმძღვანელობს ნუგზარ ბერიძე. სასწავლო ცენტრის საორგანიზაციო საბჭოს წევრები არიან ქეთევან ბერიკაშვილი - სემეკის პრესსპიკერი, სალომე ჯანელიძე - სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, ელეონორა ლაგვილავა - სემეკის ადამიანური რესურსისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დირექტორი, მარიამ იოსელიანი - საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი.
0
0