25/10/2023
18:55
ეკონომიკა
სებ-ის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვებასთან დაკავშირებით, დღეისათვის არის ყველაზე ოპტიმალური და უნდა დავაკვირდეთ მოვლენების შემდგომ განვითარებას, - აცხადებს Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი.
ეკონომიკური მედიასაშუალების დამფუძნებელი, ეკონომისტი გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ ინფლაციური თვალსაზრისით საყურადღებოა, როგორ დავიწყებთ 2024 წელს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ის ტენდენცია, რომელიც ინფლაციასთან მიმართებაში ქვეყანას აქვს იქნეს შენარჩუნებული და მოსახლეობას გაჩნდეს სტაბილურობის განცდა.
„სებ-მა მიიღო ფრთხილი და სწორი გადაწყვეტილება, რაც სწორად აქვს ახსნილი იმ ფაქტორთა ერთობლიობით, რაც იყო გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. სებ-ის მხრიდან სწორად და ნათლად იყო განმარტებული გადაწყვეტილების არსი. ცხადია ერთის მხრივ, ყოველთვის არსებობდა შერბილების მოლოდინები, რადგანაც ეს გარკვეულწილად ბევრ შემთხვევაში მოსახლეობის მხრიდან გარკვეული ვალდებულებების შემცირებას უკავშირდება. ანუ მათთვის ვისაც სესხი ლარში აქვს. ამ მიზეზით შეიძლება რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ბევრს უნდოდეს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ მეორე ფაქტორიც, ყოველ ჯერზე შემცირება სწორი არ არის. პირიქით, მოსახლეობისთვის შედეგის მოტანის ნაცვლად, შესაძლოა უკუ ქმედებები გამოიწვიოს. მით უმეტეს როცა ამ მეორე მხარეს შესაძლოა იყოს ინფლაციური რისკები. მოკლევადიანმა შემცირებამ შესაძლოა სარგებლის ნაცვლად უარყოფითი შედეგები მოიტანოს.
ჩვენ ყოველთვის დამოკიდებულები ვართ გარე ფაქტორებზე და ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს როდესაც ვიღებთ, სამწუხაროდ, მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულ რეალობიდან ვერ გამოვდივართ. რაც არ უნდა სტაბილური მაკროეკონომიკური პოლიტიკა გვქონდეს, რაც არ უნდა ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, რაც ახლა გაქვს, გარე ფაქტორების გათვალისწინება მნიშვნელოვანია. მათ შორის ახალი რისკის, რომელიც შეეხება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ჯერ კიდევ პროგნოზირებადი არ არის. ჯერ კიდევ არავინ არ იცის მასშტაბები, სადამდე შეიძლება წავიდეს ვითარება და გლობალურ ეკონომიკაზე რა გავლენას პოვებს. ჯერ არავინ არ იცის კონფლიქტის ლოკალიზება მოხდება თუ ის უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს. მთელი მსოფლიო ამაზე მუშაობს. შესაბამისად ამ ვითარებას აკვირდება ყველა არამხოლოდ სებ-ი, არამედ მთელი მსოფლიოს ცენტრალური ბანკები. გასათვალისწინებელია ქვეყნის შიგნით არსებული ვითარებაც. ჩვენ ვართ მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იმპორტზე, რომელიც გარკვეულ შემთხვევაში არის წყარო ინფლაციის და ამ დროს ერთ-ერთი აქტუალური თემა არის ნავთობპროდუქტების ფასთან დაკავშირებული საკითხები. ესეც გარე ფაქტორის ნაწილია. ისევე როგორც ძლიერი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ანუ გაზრდილია ერთობლივი მოთხოვნა რაც ყოველთვის მარტივი ეკონომიკური თეორიითაც კი ქმნის ინფლაციის რისკებს და ამ პროცესს სჭირდება დაკვირვება. აქამდე სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს არბილებდა, თუმცა ახლა არსებული რისკებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. პირიქით, რაღაცა კუთხით ვფიქრობდი, ხომ არ იქნებოდა მკაცრი კომიტეტი, მაგრამ ამ ფაქტორთა ერთობლიობას რომ ვუყურებ და ვეცნობი სებ-ის განცხადებას, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ახლა ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება და უნდა დავაკვირდეთ მოვლენების შემდგომ განვითარებას", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 25 ოქტომბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს.
0
0