05/04/2023
12:04
პოლიტიკა
2022 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, მიმდინარე წლის შესაბამის თვეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და ის მიდგომები, რაც სხვა ევროპულ ქალაქებშია გამოცდილი, წარმატებით ინერგება ჩვენს დედაქალაქში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმაზე, მის მნიშვნელობაზე. რეფორმის ფარგლებში სრულიად განახლდა საავტობუსო და მიკროავტობუსების ავტოპარკი, მიმდინარეობს და დაგეგმილია მეტროს სადგურების რეაბილიტაცია, შემუშავებულია სადგურების გარშემო არეალის მოწესრიგებისა და მისაწვდომობის გაუმჯობესების კონკრეტული სამოქმედო გეგმა, განახლდა და ამოქმედდა უნივერსიტეტი-მაღლივის დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, წლის ბოლოს კი ამოქმედდება რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო მარშრუტიც.
პარალელურად, მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვა ქალაქის მასშტაბით. ავტობუსების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ქალაქის სხვადასხვა რაიონში, მნიშვნელოვან კვანძებზე ეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც აღმოფხვრის არსებულ შეფერხებებს და კიდევ უფრო კომფორტულს გახდის მგზავრობას.
ამ ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 28 მარტს, უკვე დაფიქსირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეკორდული - 1 360 795 მგზავრობა. ამავე დღეს, მხოლოდ ავტობუსებმა გადაიყვანეს 580 816 მგზავრი. აღსანიშნავია მგზავრთნაკადის ზრდა მეტროშიც. გასული წლის 23 დეკემბერს მეტრო 527 636 მგზავრს მოემსახურა.
2022 წლის იანვართან და თებერვალთან შედარებით, მიმდინარე წლის შესაბამის თვეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაზრდილია 43%-ით. აღნიშნული მონაცემები პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და ის მიდგომები, რაც სხვა ევროპულ ქალაქებში გამოიცადა, წარმატებით ინერგება ჩვენს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, დაგეგმილი ღონისძიებები ბოლომდე იქნება მიყვანილი, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვის თვალსაზრისით, ასევე, განცალკევებული საავტობუსო ზოლების დასამატებლად და ერთმანეთთან დასაკავშირებლად.
დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ წელს დაიწყება 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის პროცესიც. ახალი ავტობუსები გაეშვება 10 ძირითად დერეფანში, რაც დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის საზოგადოებრივი ტრანსპორტით პირდაპირი, სწრაფი და უსაფრთხო დაკავშირების უალტერნატივო წინაპირობაა.
აქვე მინდა, მოგაწოდოთ სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც ვერ ავუვლით გვერდს, პრობლემის სრული სურათის წარმოდგენისას:
• 2016 წელს გადაადგილდებოდა 300 000 მდე ავტომობილი;
• დღეის მდგომარეობით მათი რიცხვი 580 000 დან 600 000-მდეა;
• ევროპაში ავტომობილი ჰყავს მოსახლეობის 70% და კვირაში 5 ან მეტი დღე გადაადგილდება ავტომობილის მფლობელების 12%;
• თბილისში ავტომობილს ფლობს მოსახლეობის დაახლოებით 45% და მას კვირაში 5 დღეზე მეტჯერ გამოიყენებს ავტომობილის მფლობელთა 97%;
მეგობრებო, აი, ამ რეალობაში გვიწევს სატრანსპორტო რეფორმის გატარება, რომელიც არის უალტერნატივო და ერთადერთი სწორი გზა საიმისოდ, რომ თბილისში გადაადგილება გახდეს ორგანიზებული“, - განაცხადა კალაძემ.
0
0