
ნაძალადევის რაიონში „ქართული ოცნების“ დელეგატი ირაკლი ხელაძე და გლდანში „ქართული ოცნების“ დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებენ, რომ მათთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია ემსახურონ მოსახლეობას, ახლა უკვე პარლამენტის დელეგატის რანგში.
„ნაძალადევი ჩემთვის უცხო ნამდვილად არ არის. ამჟამად ვარ მოქმედი მაჟორიტარი წევრი საკრებულოსი, ნაძალადევის წარმომადგენელი, შესაბამისად ყველა საკითხის, პრობლემის შესახებ ვფლობ ინფორმაციას. მე როგორც მაჟორიტარი წევრი, ყოველკვირეულად ვმართავ მოსახლეობასთან მიღებებს. აწყობილი გვაქვს ძალიან ეფექტიანი კომუნიკაცია სხვადასხვა საჯარო სამსახურებთან მოსახლეობის პრობლემების მოგვარების მიზნით და ანალოგიურად გაგრძელდება პარლამენტის დელეგატის რანგშიც“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს ახლა უკვე საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენ გავაგრძელებთ იმ პროექტებსა და გეგმებს, რომ გლდანი იყოს ერთ-ერთი გამორჩეული რაიონი დედაქალაქში. შევეცდები გლდანელების ყველა პრობლემა როგორც დელეგატმა მივიტანო არამხოლოდ საკანონმდებლო ორგანომდე, არამედ ცენტრალურ ხელისუფლებამდე. რადგან მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა გაუქმდა, ეს ნიშნავს, რომ წყდება კავშირი ამომრჩეველსა და არჩეულ ადამიანს შორის და დელეგატების სისტემა ერთგვარად ეს დანაკლისი უნდა დააბალანსოს. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მას ჰყავს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში, ვისთანაც ნებისმიერ დროს შეუძლია მივიდეს, თავისი პრობლემები უთხრას და მიიღოს მხარდაჭერა“, - აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.
0
0