04/04/2023
13:25
პოლიტიკა
ბატონმა მამუკა ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ შეხვედრაზე იყო, სადაც ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საქართველომ სტატუსი არ უნდა მიიღოს. ვთხოვთ ბატონ მამუკას და ასევე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს, გამოვიდნენ და დაასახელონ ის ადამიანები, ვინ ამბობს შეხვედრებზე, რომ საქართველომ სტატუსი არ უნდა მიიღოს, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ დეპუტატების თუ პოლიტიკოსების სახელები და გვარები, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.
„ბოლო რამდენიმე კვირაა, ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები ცვლიან საკუთარ ფირფიტას და ამბობენ, რომ საქართველო თურმე იმსახურებს სტატუსს და ამ სტატუსს იმსახურებს იმის მიუხედავად, ვინ იქნება ხელისუფლებაში. თუმცა, არის დარჩენილი კიდევ მეორე ნაწილი, რომელიც რადიკალურ ფრთას მიეკუთვნება, "ნაციონალური მოძრაობა" და ე.წ. ბოლშევიკური ტროიკა, რომელიც ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში საქართველომ არ უნდა მიიღოს სტატუსი. ამ ე.წ. ვაი პატრიოტების სახელები ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს. ბატონმა მამუკა ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ შეხვედრაზე იყო, სადაც ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საქართველომ სტატუსი არ უნდა მიიღოს. ვთხოვთ ბატონ მამუკას და ასევე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს, გამოვიდნენ და დაასახელონ ის ადამიანები, ვინ ამბობს შეხვედრებზე, რომ საქართველომ სტატუსი არ უნდა მიიღოს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ დეპუტატების თუ პოლიტიკოსების სახელები და გვარები, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო დელეგაციის ირლანდიაში ვიზიტზეც ისაუბრა.
„ძალიან დადებითად იქნა შეფასებული ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. ეს ეჭვს აღარ იწვევს იმიტომ, რომ ამას ყველა აღნიშნავს. რა თქმა უნდა, დარჩენილია რეკომენდაციების ნაწილი, ამ რეკომენდაციების შესრულებისთვის ჩვენ დაგვჭირდება 2- 3 თვე, თუმცა ის რომ, პროგრესი სახეზეა, ამას ყველა აღიარებს“, - განაცხადა სამხარაძემ.
როგორც მან განაცხადა, საპარლამენტო დელეგაციამ, როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელი ხელისფლების წარმომადგენლებთან გამართულ ოცამდე შეხვედრაზე პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე, რა გამოწვევების და საფრთხეების წინაშე დგას საქართველო.
„მინდა გითხრათ რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად აქვთ გათვიცნობიერებული ჩვენს ირლანდიელ მეგობრებს. ძალიან კარგად ხედავენ თუ რას აკეთებს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო ფორუმებზე როგორც უკრაინის მხარდასაჭერად, ისე ზოგადად ამ კოალიციაში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ გამოდის“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ირლანდიაში ვიზიტის დროს მოხდა შეთანხმება, რომ ზაფხულში, საქართველოში გაიმართება ძალიან მაღალი დონის ვიზიტი.
0
0