
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ყულევის ტერმინალში მყოფი ტანკერი (NOSTOS), მისი მფლობელი ან ოპერატორი სანქციათა არცერთ მოქმედ სიაში არ იდენტიფიცირდება.
სააგენტოს ცნობით, ტანკერის რეგისტრირებული მფლობელი და კომერციული ოპერატორი წარმოადგენენ საერთაშორისო რეესტრებში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.
„გვსურს, გმოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ყულევის ტერმინალში მდგომ ტანკერ NOSTOS-ს სრულიად უსაფუძვლოდ აკავშირებს საერთაშორისო სანქციების შესაძლო გვერდის ავლასთან.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული გემის რეგისტრირებული მფლობელი და კომერციული ოპერატორი წარმოადგენენ საერთაშორისო რეესტრებში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (საბერძნეთი), გემი დაფარულია საერთაშორისო სადაზღვევო მექანიზმებით, მათ შორის ბერმუდის, ნორვეგიული ფილიალის P&I დაზღვევით, გააჩნია მოქმედი Hull & Machinery დაზღვევა (ბერძნული) და იმყოფება ავტორიტეტული ფრანგული საკლასიფიკაციო საზოგადოების, Bureau Veritas-ის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ. 2025 წლის განმავლობაში გადაადგილდება: საბერძნეთის, მაროკოს, მალტის (OPL), საუდის არაბეთის, თურქეთისა და რუსეთის ნავსადგურებში. ამასთანავე, არცერთ მოქმედ სანქციურ სიაში აღნიშნული გემი, მისი მფლობელი ან ოპერატორი არ იდენტიფიცირდება.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა ნავსადგურში გემების შესვლა ხორციელდება მკაცრი კონტროლის პირობებში, საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის სრული დაცვით. გემების შემოსვლა წინასწარ თანხმდება შესაბამის სახელმწიფო კომპეტენტურ ორგანოებთან და ეფუძნება მრავალსაფეხურიან რისკზე დაფუძნებულ შეფასებას, რომლის მიზანია სანქცირებული ან მაღალი რისკის მქონე გემების იდენტიფიცირება და მათი შემოსვლის თავიდან აცილება.
სააგენტო თანმიმდევრულად იცავს საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების, უშიშროებისა და გარემოს დაცვის სტანდარტებს და სრულად ითვალისწინებს მოქმედ სანქციურ რეჟიმებს. საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება და ვერ იქნება გამოყენებული, მათ შორის, მესამე სახელმწიფოების მიერ საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილების მიზნით.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, გამოიჩინონ პროფესიული პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც აზიანებს საზოგადოებრივ ნდობასა და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას“.
0
0