22/05/2023
15:08
ეკონომიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სომხური მედიის მიერ ნოვოროსიისკი-ბათუმის საზღვაო გადაზიდვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ინტერპრეტირებულს უწოდებს. ამის შესახებ სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
„სომხეთის ცალკეული მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის მიმდინარე წლის აპრილიდან რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ, ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში ამ საზღვაო მიმართულებით ტვირთების გადაზიდვის ფაქტებს არ უარყოფენ და ამბობენ, რომ აპრილში კომერციულად ტვირთის გადაზიდვა მართლაც მოხდა, თუმცა ეს რეგულარული რეისი არ არის. სააგენტოში ასევე ამბობენ, რომ ეს კომპანია კომერციული გადაზიდვების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს. გადამზიდავი გემი კი სანქცირებული გემების სიაში არ არის.
„რაც შეეხება ცნობას კონკრეტული გადაზიდვების შესახებ, აპრილში, პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა “Haci Musa Ucak“- (IMO 9128544), ნამდვილად შეასრულა ორი კომერციული რეისი ნოვოროსიისკსა და ბათუმს შორის. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს არ არის რეგულარული რეისი, და სრულად არის კომერციული ხასიათის, რომელიც სისტემატურად ხორციელდება. აღნიშნული გემის მფლობელი კომპანია, რომელიც არ იძებნება სანქცირებულთა სიაში, კვლავ გეგმავს კომერციული რეისების შესრულებას. რაც შეეხება ტვირთს, ის სრულად ტრანზიტულია და განკუთვნილია სომხეთის რესპუბლიკისთვის.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, სომხურმა მედიამ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნოვოროსიისკი-ბათუმი-ნოვოროსიისკის საზღვაო გზით ტვირთების გადაზიდვა აპრილიდან დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, BM.GE-მ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს კითხვებით მიმართა. უწყებამ კი საპასუხოდ განცხადება გაავრცელა.
ბათუმი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სომხეთი
0
0