
ღია წყაროების მიხედვით, 2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის „Marinera“ ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფება 28 მეზღვაური, მათ შორის ექვსი საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანია, – ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.
სააგენტოს ცნობით, ასევე, ეკიპაჟში არიან უკრაინის 20 და რუსეთის ორი მოქალაქე.
„არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტანკერი დაკავებული იქნა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამჟამად ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსული მედიის ცნობით, აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს ექვსი, უკრაინის 17, ინდოეთის სამი და რუსეთის ორი მოქალაქე იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, ხომალდის კაპიტანიც ქართველია.
არსებული ინფორმაციით, ტანკერის ბორტზე სულ 28 ადამიანი იმყოფებოდა.
აშშ-ის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაკავებული გემის ეკიპაჟის წევრებს სისხლის სამართლის ბრალს წარუდგენენ.
ცნობისთვის, ტანკერი „მარინერა“, რომელიც რუსეთის დროშის ქვეშ ცურავდა, აშშ-ის სამხედროებმა 7 იანვარს დააკავეს. როგორც ცნობილია, ამ გემის სახელწოდება წარსულში იყო „ბელა 1“ და აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს ის შავ სიაში ჰყავს შეყვანილი ირანული, ვენესუელური და რუსული ნავთობის გადაზიდვის გამო.
რუსული მედიის ცნობით, ტანკერი „ბელა 1“, რომელიც გაიანას დროშის ქვეშ ცურავდა, ჯერ კიდევ 20 დეკემბერს შევიდა კარიბის ზღვაში. აშშ-ის სანაპირო დაცვამ ხომალდის გაჩერება და მისი დათვალიერება მოითხოვა, თუმცა ეკიპაჟი ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა და გეზი ატლანტის ოკეანისკენ აიღო. მას რამდენიმე ამერიკული გემი დაედევნა.
30 დეკემბერს გემის ეკიპაჟმა პანამის დროშა, რუსულით შეცვალა და რუსეთის საზღვაო რეესტრში ტანკერი „მარინერას“ სახელით გამოჩნდა. ამის შემდეგ, 31 დეკემებრს რუსეთმა აშშ-ს ოფიციალური ნოტა გაუგზავნა და გემის დევნის შეწყვეტა მოითხოვა, ხოლო ტანკერთან რამდენიმე რუსული სამხედრო ხომალდი და წყალქვეშა ნავი გაგზავნა. მიუხედავად ამისა, ამერიკელმა სამხედროებმა გემი მაინც დააკავეს. „ბელა 1“-ის ბორტზე ვერტმფრენიდან გადასხეს ამერიკული მედესანტეები. როგორც უცხოური მედია იუწყება, რუსული სამხედრო გემები ტანკერის სიახლოვეს იმყოფებოდნენ, თუმცა არაფერი მოიმოქმედეს.
0
0