03/10/2023
09:07
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანომ უკრაინისათვის საჭირო დაფინანსება არ დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
"მინდა გავიმეორო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერის მიუხედავად, რომელიც რუსეთის [ქვეყანაში] შეჭრის წინააღმდეგ იბრძვის, რეზოლუცია, რომელიც შაბათს მიიღო კონგრესმა, არ მოიცავდა საჭირო მხარდაჭერას", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.
მილერმა დასძინა, რომ "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს პერიოდში, ჩვენ უკვე ამოვწურეთ უსაფრთხოების სფეროში დახმარების არსებული დაფინანსების დიდი ნაწილი".
"თუ პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ სხვა სუვერენულ ქვეყნებში, მაშინ გაეროს წესდება ჩამოიშლება და ჩვენ ვიცხოვრებთ მსოფლიოში, სადაც ასეთი ტიპის აგრესია შეიძლება მოხდეს ყველგან, ნებისმიერ დროს. ეს ბევრად უფრო ძვირი დაუჯდება ამერიკელ ხალხს და ბევრად უფრო საშიში იქნება ამერიკელი ხალხისთვის", - აღნიშნა მან.
1-ელ ოქტომბერს, ამერიკის კონგრესის ორივე პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რითაც ე.წ. შათდაუნი თავიდან აიცილა.
"რესპუბლიკელებისა" და "დემოკრატების" მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი მთავრობას კიდევ 45 დღის განმავლობაში მისცემს მუშაობის საშუალებას. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული, თუმცა სენატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების მიწოდებაზე მუშაობა გაგრძელდება.
ამის იმედი აქვს თეთრი სახლის ლიდერს, ჯოზეფ ბაიდენსაც, რომელმაც წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ მხარდაჭერილ პროექტს ხელი უკვე მიაწერა, თუმცა აცხადებს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას არ დაუშვებს.
0
0