01/09/2022
12:47
მსოფლიო
საუდის არაბეთის ხელისუფლების განცხადებით, უსაფრთხოების ძალებმა ამფეტამინის 46 მილიონი აბი ამოიღეს, რომლებიც კონტრაბანდულად გადაზიდულ ფქვილში იყო დამალული.
გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა ტვირთს ერ-რიადის „მშრალ პორტში“ მიაკვლიეს და ის საწყობში გადაიტანეს, სადაც ექვსი სირიელი და ორი პაკისტანელი დააკავეს. საუდის არაბეთის ნარკოტიკების კონტროლის გენერალურმა დირექტორატმა (GDNC) აბის სახელწოდება - ამფეტამინი - არ დაასახელა, თუმცა, როგორც ცნობილია, საუდის არაბეთი ყველაზე დიდ ბაზარს წარმოადგენს ამ ტაბლეტებისთვის, რომლებსაც კაპტაგონის ლოგო აქვს.
დირექტორატის განცხადებით, ერ-რიადში ამფეტამინის 46,916,480 ტაბლეტის კონტრაბანდულად გადაზიდვის ფაქტის გამოვლენა "ამ კუთხით ჩატარებული ყველაზე დიდი ოპერაციაა საუდის არაბეთის სამეფოში". საუდის არაბეთში ნარკოტიკები, სავარაუდოდ, სირიიდან და ლიბანიდან შეიტანეს.
კაპტაგონი - როგორც წესი, ამფეტამინის, კოფეინისა და სხვადასხვა შემვსების ნაზავია - გავრცელებული ინფორმაციით, ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნარკოტიკია სპარსეთის ყურეში მცხოვრებ მდიდარ ახალგაზრდებს შორის. ამ ნარკოტიკს ასევე მოიხმარდნენ სირიის სამოქალაქო ომში მებრძოლები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ის ბრძოლის ველზე შიშს ამცირებს.
უახლესი კვლევის თანახმად, კაპტაგონით გლობალური ვაჭრობა სწრაფად იზრდება და მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს დაახლოებით 5,7 მილიარდი დოლარი (4,9 მილიარდი ფუნტი) შეადგინა.
საუდის არაბეთის ნარკოტიკების შესახებ მიღებული კანონების მიხედვით, ნარკოტიკების კონტრაბანდაში მსჯავრდებული ადამიანების სიკვდილით დასჯა დაშვებულია.
0
0