21/08/2023
13:20
მსოფლიო
Human Rights Watch-ის ახალ მოხსენებაში საუდის არაბეთის მესაზღვრეებს იემენის საზღვართან მიგრანტების მასობრივ მკვლელობაში ედებათ ბრალი. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ასობით ადამიანი, მათ შორის ბევრი ეთიოპიელი, რომლებიც საუდის არაბეთში შესასვლელად ომის შედეგად განადგურებული იემენის საზღვარს კვეთდნენ, დახვრიტეს.
როგორც მიგრანტებმა BBC-ს განუცხადეს, მათ ცეცხლსასროლი იარაღით კიდურებზე სერიოზული ჭრილობები მიაყენეს. მიგრანტებმა გზებზე მიტოვებული ცხედრებიც იპოვეს.
საუდის არაბეთმა სისტემატური მკვლელობების შესახებ ბრალდებები უარყო.
Human Rights Watch-ის (HRW) მოხსენების მიხედვით, საუდის არაბეთის პოლიცია და ჯარისკაცები, იემენის ჩრდილოეთ საზღვართან, ღამით, ეთიოპელების დიდ ჯგუფებს, მათ შორის ბევრ ქალსა და ბავშვს, ცეცხლს უხსნიდნენ, როდესაც ისინი საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ ნავთობით მდიდარ მხარეში სამუშაოს საძიებლად.
ერთ-ერთი მიგრანტის თქმით, გასული წლის ივლისში, 45 თანამგზავრი დაიღუპა ან მძიმედ დაშავდა, როდესაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. ზოგიერთ გადარჩენილს ღრმა ტრავმის ნიშნები აღენიშნება.
გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, სახიფათო მოგზაურობას წელიწადში 200 000-ზე მეტი ადამიანი ცდილობს - ისინი აფრიკის რქიდან [ნახევარკუნძული აღმოსავლეთ აფრიკაში] იემენში ზღვის გავლით გადადიან და შემდეგ საუდის არაბეთში მიემგზავრებიან. უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ გზად ბევრ მიგრანტს აპატიმრებენ და ცემენ.
გასულ კვირას, ჯიბუტის სანაპიროსთან, გემის ჩაძირვის შედეგად, 24-ზე მეტი მიგრანტი დაიკარგა. იემენში მიგრანტების მთავარი მარშრუტები სავსეა მგზავრობისას დაღუპული ადამიანების საფლავებით.
როგორც BBC-ი წერს, HRW-ის უახლეს ანგარიშში ასახული ძალადობა განსხვავებულია თავისი მასშტაბით და ხასიათით.
„ის, რაც ჩვენ დავაფიქსირეთ, არსებითად მასობრივი მკვლელობებია. ხალხმა აღწერა ადგილები, რომლებიც ნამდვილად მკვლელობის მინდვრებია - სხეულები მთელს გორაკზე იყო მიმოფანტული“, - განუცხადა BBC-ს მოხსენების წამყვანმა ავტორმა ნადია ჰარდმანმა.
მოხსენებაში, რომელიც მოიცავს 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდს, დეტალურადაა აღწერილი ფეთქებადი იარაღით მკვლელობის 28 და ახლო მანძილიდან ნასროლი იარაღით მკვლელობის 14 ინციდენტი.
მოხსენების ავტორების განცხადებით, საზღვრის გადაკვეთის დისტანციურობა და გადარჩენილთა თვალყურის დევნების სირთულე შეუძლებელს ხდის დაღუპულ ადამიანთა რაოდენობის დადგენას.
”ჩვენ ვამბობთ, მინიმუმ, 655-ს, მაგრამ, სავარაუდოდ, ათასობით ადამიანი იქნება დაღუპული. ფაქტობრივად წარმოვაჩინეთ, რომ ძალადობა ფართოდ გავრცელებული და სისტემატურია და ის შესაძლოა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად იქცეს“, - თქვა ნადია ჰარდმანმა.
საუდის არაბეთის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩრდილოეთ საზღვარზე განხორციელებული მასობრივი მკვლელობების შესახებ ცნობები გაეროს ექსპერტების წერილში პირველად 2022 წლის ოქტომბერში გაჟღერდა. საუდის არაბეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ბრალდებებს სერიოზულად აღიქვამდა, მაგრამ კატეგორიულად უარყო გაეროს მხრიდან შეფასება, რომ მკვლელობები სისტემატური ან ფართომასშტაბიანი იყო. ”მოწოდებული შეზღუდული ინფორმაციის საფუძველზე, სამეფო ხელისუფლების ორგანოებს არ აღმოუჩენია რაიმე ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ან დაასაბუთებდა აღნიშნულ ბრალდებებს,” - უპასუხა წერილს რიადის მთავრობამ.
გასულ თვეში, შერეულმა მიგრაციის ცენტრმა (გლობალურმა კვლევითმა ქსელმა), გადარჩენილ მიგრანტებთან ინტერვიუებზე დაყრდნობით, დამატებითი ბრალდებები გამოაქვეყნა საზღვრის ტერიტორიაზე ჩადენილი მკვლელობების შესახებ. მოხსენება შეიცავს სასაზღვრო არეალში მიმოფანტული გახრწნილი გვამების გრაფიკულ აღწერას.
„ჯერჯერობით, Human Rights Watch-ის მოხსენება ყველაზე დეტალურია, ასევე იდენტიფიცირებულია დროებითი დაკავების ცენტრი მონაბიჰში, იემენის შიგნით, სადაც მიგრანტებს შეიარაღებული კონტრაბანდისტები აკავებენ. მიუხედავად იმისა, რომ HRW-ის ანგარიში მოიცავს მიმდინარე წლის ივნისამდე დაფიქსირებულ მოვლენებს, მკვლელობები ისევ გრძელდება,“ - წერს BBC-ი.
0
0
დღეს ალავერდობაა
28/09/2024