“არანაკლები კულუარული და ფარული ტერორი მიდის პირველი არხის ჟურნალისტების მიმართ, ყოველ დღე განვიცდით ამ ბულინგს. ამ ვითარებაში, როდესაც ერთმა ნაწილმა ბულინგი პროფესიად და შემოსავლის წყაროდ გაიხადა, მათი გულმოწყალების იმედად ვერ დავრჩებით, სათითაოდ გაგვისწორდებიან ყველას, ვინც მათ დღის წესრიგს არ ვასრულებთ, რაღაც თავდაცვის მექანიზმი უნდა შევიმუშაოთ, სანამ კატასტროფამდე არ მივსულვართ” - ამის შესახებ პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ჟურნალისტმა ეკა შონიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
ჟურნალისტი ამ პოსტით ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების მიმართ ბოლო პერიოდში გახშირებულ თავდასხმებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები ხშირია საქართველოს პირველი არხის თანამშრომლების მიმართაც:
"არ არსებობს კანონი, რომელიც ყველას მოწონს, მაგრამ დემოკრატია ნიშნავს, რომ ისეთ კანონებს მიიღებენ, რომელიც უმრავლესობას მოწონს და უმცირესობას არ მოწონს. სხვანაირად დემოკრატია არ მუშაობს. ის რაც ამ დღეებში და ზოგადად ასეთ დაძაბულ პერიოდებში ხდება ხოლმე, არავისთვის არის სასიამოვნო, მაგრამ ჟურნალისტებისთვის სრულიად გაუსაძლისი ვითარება იქმნება. პოლიტიკოსების, ექსპერტებისგან, თავად პარტიული ჟურნალისტებისგან მიმდინარეობს კარგად ორგანიზებული ინდივიდუალური ღია და ფარული(!) ბულინგი ჟურნალისტებზე და ხშირად ეს ფსიქოლოგიური ტერორი იარაღიან ტერორზე უარესიცაა. ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ადამიანების მორალური განადგურება, რათა ისინი აიძულონ, რომ მოვლენები ისე გააშუქონ, როგორც ცალკეულ ჯგუფებს აწყობთ. ამაზრზენია ის კამპანია, რაც "იმედის" ჟურნალისტების წინააღმდეგ არის მიმართული, არანაკლები კულუარული და ფარული ტერორი მიდის პირველი არხის ჟურნალისტების მიმართ, ყოველ დღე განვიცდით ამ ბულინგს და ვინც ეს დაგეგმა, მან იცის, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად ვერ უძლებს ფსიქილოგიურ ტერორს. სხვა დროს რომ ვითომ მედიას ქომაგობენ, ისინი დღეს ამ მორალურ კანიბალიზმს არ იმჩნევენ, ვითომ ვერ ხედავენ და პირიქით ამ კამპანიებში მონაწილეობენ. დუმან საერთაშორისო ორგანიზაციებიც. და რას ვხედავთ, ბულინგის ავტორები და დამგეგმავები აღარ მალავენ აღტაცებას მათთვის მიუღებელი მოსაზრების ადამიანებზე ფიზიკური ძალადობის გამო, მედიაექსპერტობაზე პრეტენზიის მქონენი მოქნეულ მუშტს ასხამენ ხოტბას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახალისებენ. ამ ვითარებაში, როდესაც ერთმა ნაწილმა ბულინგი პროფესიად და შემოსავლის წყაროდ გაიხადა, მათი გულმოწყალების იმედად ვერ დავრჩებით, სათითაოდ გაგვისწორდებიან ყველას, ვინც მათ დღის წესრიგს არ ვასრულებთ, რაღაც თავდაცვის მექანიზმი უნდა შევიმუშაოთ, სანამ კატასტროფამდე არ მივსულვართ." - წერს ეკა შონია.
0
0