15/01/2025
16:08
საზოგადოება
ბათუმში მდებარე სასტუმრო „შერატონის“ მენეჯერი მეგი ჟღენტი აცხადებს, რომ მზად არიან, მათ სასტუმროში მომხდარი ინციდენტების სრული ვიდეოჩანაწერები შესაბამის უწყებებს გადასცენ.
„„შერატონი“ არის სასტუმრო, რომელიც შორს არის პოლიტიკისგან. მოხდა დანაშაული. ჩვენი მხრიდან ყველაფერი მოხდა სწორად, გამოვიძახეთ პოლიცია. ყველა ჩანაწერი არსებობს და როგორც პოლიციას, ასევე სხვა უწყებას, სასამართლოს გადავცემთ. ჩანაწერები ამოღებული არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს ოფიციალური დოკუმენტაცია ჯერ არ მოსულა. ჩანაწერს ვინახავთ დაახლოებით ერთი თვე. მე არ ვყოფილვარ აქ. კამერები აუდიოჩანაწერს არ ინახავს. ჩანს, რომ იყო შელაპარაკება“, – განაცხადა ჟღენტმა.
მეგი ჟღენტს ჰკითხეს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რაზეც მეგი ჟღენტმა აღნიშნა, რომ ვიდეოს იღებდა სასტუმროში მყოფი ერთ-ერთი ქალბატონი.
„ამ ინციდენტს, როგორც ჩვენ დავინახეთ, იღებდა ვიღაც ქალბატონი, იღებდა თავიდან ბოლომდე. ჩვენ გასაჯაროების უფლება არ გვაქვს“, – აღნიშნა ჟღენტმა.
კითხვაზე, პირველი ინციდენტის შემდეგ მხოლოდ ზვიად ქორიძე რატომ გაიყვანა დაცვამ, სასტუმროს მენეჯერმა აღნიშნა:
„ვიტარების ესკალაცია რომ არ მომხდარიყო და არ გადაზრდილიყო უფრო სერიოზულ აგრესიაში, ჩვენი დაცვა შეეცადა, გაეკეთებინა ყველაფერი. განვაცალკევეთ, ჩვენ ხომ არ ვიცოდით, რა მოხდებოდა შემდგომ. ყველაფერი წამებში მოხდა. პოლიციას ჩვენ შევატყობინეთ, უკვე გახარიას ინციდენტის შემდეგ. სასტუმროს შემოსასვლელში იყო სისხლი. ტერიტორიაზე, სადაც სტუმრები მოძრაობდნენ, პოლიცია ცოტა დაგვიანებით მოვიდა და მანამდე გასუფთავდა. თუმცა სხვა ნებისმიერი ნივთმტკიცება, რაც კი არსებობდა, ყველაფერი იქნა ამოღებული პოლიციის მხრიდან. სავარაუდოდ, გადაწყვეტილება მიიღო უშუალოდ დასუფთავების სამსახურმა. ზემოდან ნამდვილად არ ყოფილა მოსული მსგავსი განკარგულება. უბრალოდ სასტუმროს შემოსასვლელთან იყო სისხლის გუბე, სტუმრები მოძრაობდნენ და შესაბამისად, დასუფთავების სამსახურმა მიიღო ეს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მენეჯერმა.
შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. ფაქტზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
0
0