
"გურჯაანიდან თბილისში გადმოყვანილი 2 წლის გოგონას მდგომარეობა საყურადღებოა“, ამის შესახებ ექიმები აცხადებენ.
"2 წლის ბავშვია შემოყვანილი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, აღენიშნება ტკივილი მუცლის არეში, მუცლის შებერილობა, დამწვარი აქვს მუცლის მიდამოები და ქვემო კიდურის არე. ბებიის თქმით, დამწვრობა ბავშვმა ღუმელთან მიიღო, ბავშვის მდგომარეობა საყურადღებოა“, - აცხადებენ თბილისის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში.
მცირეწლოვანზე, სავარაუდოდ, ოჯახის წევრები ძალადობდნენ.
ორი წლის ბავშვის სხეულზე სასტიკი დამწვრობისა და სისხლჩაქცევის არაერთი კვალი ეტყობა. არსებული დაზიანებები, შესაძლოა, სიგარეტის ნამწვის კვალიც იყოს. ხელები, მუცელი, სახე და ფეხები - ფოტო, სადაც სავარაუდო დანაშაულის უმძიმესი კვალი ჩანს, მცირეწლოვან გოგონას გადაუღეს.
შესაძლო სასტიკი მოპყრობის ფაქტი სამართალდამცავებს ბებიამ შეატყობინა. ქალი ამტკიცებს, რომ მის შვილიშვილზე დედა ძალადობდა.
"დაზიანებები აქვს სხეულზე, სახეზე, ხელზე, დამწვარი აქვს ფეხი, მუცელი, ხელები... მე არ დამინახავს სცემდა თუ რას აკეთებდა, მაგრამ პირველად რომ ჩამოვიყვანეთ ხელები დასიებული ჰქონდა. თვითონ აღიარა, ჩემგან არის ესენი ნატკენიო {სტილი დაცულია}, ლოყაზე ჰქონდა ნაკბენი, „პოლზე“ ახეთქებდა, თვალში სისხლი ჰქონდა ბავშვს, ფაქტია რომ სცემდა... რომ დავინახე ვუთხარი დავრეკავ, რადგან შენ ბავშვზე ძალადობ-მეთქი. იმ საღამოსვე წავიდა“, - აცხადებს ბავშვის ბებია.
როგორც გაირკვა, აღნიშნული შემზარავი ფაქტის შესახებ ადგილობრივებმაც იცოდნენ.
თავად დაშავებული გოგონას მშობლები ახლა პოლიციაში არიან და გამოძიების შეკითხვებს პასუხობენ.
გოგონას მკურნალობის პარალელურად, სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარდება.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
0
0