04/04/2022
14:34
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს: „ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა, ასეც არის“.
ირაკლი კობახიძის თქმით, საუბარია იმაზე, რომ ყოვლად გაუმართლებელი და უსამართლო სამხედრო აგრესიის გზით რუსეთმა ასეთი მძიმე ზიანი მიაყენა უკრაინას.
„უკრაინის მოსახლეობას მიადგა უმძიმესი ზიანი. რუსეთის მხრიდან რაც ხორციელდება სამხედრო აგრესიის სახით უკრაინელების მიმართ არის დასჯის აქტი. აქ ჩვენ მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია. სასჯელი შეიძლება, იყოს სამართლიანი და უსამართლოც. ვერანაირი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა იმ ფრაზას, რომელიც წარმოთქვა პრემიერმა. საუბარია უკრაინის დასჯაზე რუსული სამხედრო აგრესიის სახით, რასაც არ აქვს არავითარი გამართლება. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ უმძიმესი ზიანი მიადგა სამწუხაროდ, ჩვენს მეგობარ ქვეყანას, ხალხს, უკრაინას. ძალიან რთულია ის მდგომარეობა, რომელშიც არის ეს სახელმწიფო. თქვენ იცით, რომ ყველა თვალსაზრისით, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სამხედრო თუ ნებისმიერი სხვა, არის ძალიან მძიმე და ასევე, მის ხელისუფლებას უკვე მოუწია უარის თქმა ნატო-ზე, რაც იყო მისი მხრიდან სასტარტო შეთავაზება რუსეთის მიმართ. ეს არის უმძიმესი მდგომარეობა, შესაბამისად, სახეზეა ეს მოცემულობა, რაც არის ჩვენთვის ძალიან სამწუხარო. ბუნებრივია, ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას.
გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ოპოზიციონერის, „ომის პარტიის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ფრაზა, რომ თუ ვინმე დღეს არ არის დაშლილი და დაჩაგრული, ეს არის უკრაინა. ამით ისინი ცდილობენ, გაამართლონ საკუთარი განზრახვა. ეს განზრახვა არის ერთადერთი, რამენაირად საქართველო ჩართონ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც წარმოებს უკრაინაში. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად აცდენილი სინამდვილეს, უკრაინაში ვითარება არის ძალიან მძიმე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მდგომარეობა ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას ავარიდოთ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სასჯელი შეიძლება, იყოს როგორც უსამართლო, ასევე სამართლიანი. როდესაც საუბარია დასჯაზე, აქ საუბარია იმაზე, რომ ყოვლად გაუმართლებელი და უსამართლო სამხედრო აგრესიის გზით რუსეთმა ასეთი მძიმე ზიანი მიაყენა უკრაინის სახელმწიფოს. შესაბამისად, აქ მხოლოდ ხელოვნურად მოვძებნით სასპეკულაციოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე მგონია, რომ აქ სასპეკულაციო საერთოდ არაფერი არ არის. ეს არის უმძიმესი ზიანი, რომელიც რუსეთმა მიაყენა უკრაინას, რაც არის ჩვენთვის ძალიან სამწუხარო, განსაკუთრებით იმის გამო, რომ უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024