
საქართველოს პრეზიდენტმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს, საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.
ჭოუ ციენის საქართველოში არყოფნის გამო სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტის სასახლეში ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მიიღო.
მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება გაამახვილა ჭოუ ციენის დიპლომატიური მისიის პერიოდში საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან განვითარებაზე.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ტაი ჩუნიუნგის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული მხარე ჩინეთთან თანამშრომლობას.
"სასიხარულოა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ყოფილი ელჩის ასეთი მაღალი დაფასება და ეს ჯილდო. მისი წვლილი და მიღწევები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული მხარე ჩვენს თანამშრომლობას. მიზანი ერთია - არსებული ურთიერთობები ახალ საფეხურზე ავიყვანოთ", - განაცხადა ტაი ჩუნიუნგმა.
0
0