05/09/2024
10:38
ეკონომიკა
სხვადასხვა სფეროში ინვესტიციების მოზიდვა, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, ინფრასტრუქტურის განვითარება, დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარება - ყველა მიმართულებით გვექნება კონკრეტული პროგრამული წინადადებები შეთავაზებული საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მმართველმა გუნდმა ეკონომიკის მიმართულებით ახალი ინიციატივები შესთავაზოს საზოგადოებას, რაც „ქართული ოცნების“ პროგრამის შემადგენელი ნაწილიც იქნება.
„ეკონომიკური განვითარება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. საბოლოო ჯამში, ეკონომიკაზეა დამოკიდებული მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაც, სხვადასხვა დარგის განვითარებაც და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარებაც. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარება არის მთავარი პრიორიტეტი. 2021 წლიდან მოყოლებული, გვაქვს ძალიან კარგი ტენდენცია. მანამდე გვქონდა ეკონომიკური სირთულეები. 2012 წლის შემდეგ ჩვენ ორი კრიზისი გამოვიარეთ - ერთი 2016 წელს განსაკუთრებით, უკრაინის ომის შემდგომ რთულად განვითარდა რეგიონში ეკონომიკური პროცესები და ეს პირდაპირ აისახა ჩვენს ეკონომიკაზე, მათ შორის, ლარის კურსი გაუფასურდა. ამ პერიოდში ნაცვლად იმისა, რომ სიღარიბე შემცირებულიყო, გვქონდა ნეგატიური ტენდენციები. 2015, 2016, 2017 წლები იყო საკმაოდ რთული. ამას 2020 წელს დაემატა კოვიდი, როცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 6%-ით შემცირდა, 2021 წლიდან მოყოლებული, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების ძალიან მაღალი ტემპი. საშუალო ზრდა არის 9,7%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპასა და რეგიონში. ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ ტენდენციის შენარჩუნება. ამისათვის, უნდა შევინარჩუნოთ ლიბერალური ეკონომიკური გარემო, რაც დღეს ძალიან კარგად არის უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ახალი ინიციატივები შევთავაზოთ საზოგადოებას, რაც ჩვენი პროგრამის შემადგენელი ნაწილიც იქნება. სხვადასხვა სფეროში ინვესტიციების მოზიდვა, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, ინფრასტრუქტურის განვითარება, დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარება - ყველა მიმართულებით გვექნება კონკრეტული პროგრამული წინადადებები შეთავაზებული საზოგადოებისთვის. ჩვენი ამოცანაა, ის ტემპი, რაც გვაქვს აღებული, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და ჩვენ გვაქვს ყველანაირი პერსპექტივა იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, ქვეყანა სრულიად ახალ საფეხურზე ავწიოთ. სავალუტო ფონდის დღევანდელი პროგნოზის მიხედვით, ჩვენ გვექნება სწრაფი ეკონომიკური ზრდა. 2029 წლისთვის და უკვე 2028 წლისთვისაც საქართველო უკვე გადაინაცვლებს მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში, თუ ასეთი ტემპით გაგრძელდება ეკონომიკური ზრდა. ყველა საფუძველი გვაქვს, ამისათვის. წელსაც გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. საშუალო ზრდა არის 9,7%, ეს არის პირველი შვიდი თვის მონაცემები და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე შევძლებთ ასეთი მაჩვენებლის შენარჩულებას და შემდეგი წლებიც უნდა იყოს ასეთი. გვაქვს კარგი ეკონომიკურ-პოლიტიკური ჩარჩო ამისათვის და დანარჩენი კონკრეტული ინიციატივების საქმეა. ამ ინიციატივების დიდი ნაწილი ჩვენს პროგრამაშიც იქნება ასახული“, - განაცხადა პრემიერმა.
0
0