
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომელში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის მფლობელობაში არსებული სასაქონლო ნიშნების და სათამაშო ფორმის არაკანონიერი გამოყენება და რეალიზაცია გახშირდა.
„გახშირდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მფლობელობაში არსებული სასაქონლო ნიშნების (ლოგო, სლოგანი), ასევე სათამაშო ფორმის (საქართველოს ნაკრების) უნიკალური დიზაინის არაკანონიერი გამოყენება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი და ქმნის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ან/და ეროვნულ გუნდებთან კომერციული ან სხვა სახის თანამშრომლობის ასოციაციას, მომხმარებელი კი შედეგად იღებს უხარისხო პროდუქციას.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდების ორიგინალი პროდუქცია, როგორც საქართველოს ნაკრების ოფიციალური სათამაშო ფორმა, ისე სხვა საგულშემატკივრო ატრიბუტიკა თუ ტანსაცმელი, იყიდება მხოლოდ ეროვნული გუნდების ოფიციალურ და ონლაინ მაღაზიებში და სფფ-ის პარტნიორ ონლაინ პლატფორმაზე. ოფიციალური მაისურის შეძენა ასევე შესაძლებელია კომპანია „მაკრონის“ ოფიციალური წარმომადგენლების მაღაზიაში.
მოგმართავთ თხოვნით, გავუფრთხილდეთ როგორც სავაჭრო ნიშნის, ისე მომხმარებლის ინტერესებს და დავიცვათ კანონი. სასაქონლო ნიშნების არაკანონიერად გამოყენების გაგრძელების შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით მივმართოთ კანონით გათვალისწინებულ ზომებს“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.
0
0