19/04/2023
14:23
პოლიტიკა
სასამართლოსთან მიმართებით, ორივე ხელისუფლების პირობებში, ძალიან დიდი ჩავარდნაა, როგორც იყო კონტროლირებადი „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში, იგივე კონტროლი გაიზარდა და „კლანი" კორუფციაში კიდევ უფრო ჩაიძირა, ეს არის განსხვავება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ სასამართლოს ადარებდა ერთმანეთს.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, მმართველმა პარტიამ, წინა ხელისუფლების დროს არსებული „სასამართლო კლანი გაანოყიერა“.
„მე სასამართლოსთან მიმართებით, მათ შორის ჩვენი მმართველობის პირობებში, მაქვს ძალიან სერიოზული შეკითხვები, პრობლემები. ჩვენი მმართველობის პირობებში, წინა ხელისუფლების პირობებში, სასამართლოს სერიოზული რეფორმა რომ დასტყობოდა, დღეს ქვეყანა მართლმსაჯულების კუთხით ამ სიტუაციაში არ იქნებოდა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სასამართლოსთან მიმართებით, ორივე ხელისუფლების პირობებში, ძალიან დიდი ჩავარდნაა. თუმცა 11 წელი გავიდა „ქართული ოცნების“ მმართველობიდან და ისინი როდესაც მოვიდნენ სამართლის და ადამიანის უფლებების ძირითადი მოტივით ხელისუფლებაში, უნდა მიეღოთ ის ზომები, რა დაპირებაც გასცეს. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ იმის მაგივრად შეეცვალათ და სასამართლოში რეალური რეფორმები გაეტარებინათ, "კლანი" გაანოყიერეს, ჩაიხუტეს და შემდეგ უკვე "კლანის" მთავარი ბოსები დაასანქცირეს. ასე რომ, როგორც იყო კონტროლირებადი „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში, ჩვენი მმართველობის დროს ხელისუფლების მხრიდან, იგივე კონტროლი გაიზარდა და "კლანი" კორუფციაში კიდევ უფრო ჩაიძირა, ეს არის განსხვავება“,- განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ საგამოძიებო კომისია დღეს შეიქმნება.
„არ მგონია, რომ დღეს მაინც მოხერხდეს საგამოძიებო კომისიის შექმნა. გუშინ გამოჩნდა, რომ ისინი ბოლომდე გადაეფარნენ კლანს. გუშინ გამოჩნდა, რომ წარმოუდგენელი, გაუგონარი მეთოდი გამოიყენეს. კვორუმი არ შეკრიბეს იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისია არ შემდგარიყო. ბოიკოტში წავიდა უმრავლესობა იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისია არ შემდგარიყო“, - განაცხადა დეკანოიძემ.
0
0