20/11/2021
11:58
სამართალი
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული, პატრულ-ინსპექტორის ღირსებისა და პატივის შემლახველი ინფორმაცია ცილისმწამებლური იყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ ტელეკომპანიას პატრულ-ინსპექტორის მორალური ზიანის ანაზღაურება, ასევე შაბათის გადაცემის ეთერში დაავალა გამოაქვეყნოს ცნობა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ.
მიმდინარე წლის 30 იანვარს, ტელეკომპანია „პირველმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაური - გელა კვაშილავა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში დაადანაშაულა.
„ასევე, ამავე ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა მისი სურათი, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განუმარტა, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობდა“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაურმა - გელა კვაშილავამ ტელეკომპანია „პირველის" მიერ გავრცელებული ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის თებერვალში შეიტანა.
სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე კვაშლავას ინტერესების დამცველის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ცნო.
„შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გელა კვაშილავას შემხებლობა არ ჰქონდა ნარკოტიკების ტრანსპორტირებასთან, ტელეკომპანია „პირველმა“ კი იცოდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია იყო არასწორი და საზოგადოება შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0
0