19/04/2023
15:38
პოლიტიკა
სასამართლომ კიდევ ერთი კარგი საქმე გააკეთა ამ ქვეყანაში, ოპოზიციამ, რომელიც საძებარი იყო, როგორც იქნა დაიწყო პარლამენტში სიარული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„უნდა ითქვას, რომ სასამართლომ კიდევ ერთი კარგი საქმე გააკეთა ამ ქვეყანაში. ოპოზიცია, რომელიც საძებარი იყო, სხდომებზე არ დადიოდნენ, 8 თვე ბოიკოტში იყვნენ, შემდეგ აცდენდნენ ყველა სხდომას, დებატებში არ მონაწილეობდნენ და მინისტრის საათს არ ესწრებოდნენ, როგორც იქნა დაიწყო პარლამენტში სიარული. იმედია, რომ 2024 წლის შემოდგომის ჩათვლით ეს ოპოზიცია ასე ივლის სხდომებზე“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
პარლამენტის 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.
სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ კორუმის არარსებობის გამო ვერც 19 აპრილს შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
0
0