
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. რამიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
პროკურორატურა აღკვეთის სახით პატირმობას ითხოვდა. როგორც თორნიკე მახათაძემ განაცხადა, ბრალდების მხარეს არ სჯერა ბრალდებულ გიორგი რამიშვილის პოზიცია ზურგჩანთაში იარაღის შემთხვევით ჩადებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, იარაღის შენახვას კანონით გათვალისწინებული წესები აქვს, რომელიც დარღვეულია და დანაშაულს წარმოადგენს.
პროკურორის თქმით, სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართეს, რადგან მძიმე კატეგორიის დანაშაულია და არასაპატიმრო აღკვეთის შეფარდების საფუძვლები არ არსებობს. ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე მკაცრი სასჯელის შიშით.
დაცვის მხარემ აღკვეთის სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა. როგორც ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა, იარაღი ზურგჩანთაში შემთხვევით აღმოჩნდა და დეტალებს რამიშვილი თავად განმარტავს. ჭკადუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი განცხადების გავრცელებას გეგმავს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 აგვისტოს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.
გიორგი რამიშვილს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.
შსს-ს ცნობით, 6 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რედგენოსკანერით შემოწმებისას ბრალდებულს ხელბარგში აღმოაჩნდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტირებული WALTHER PPK/S მოდელის, 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდითა და 7 ცალი, 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0