
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
საქმე ეხებოდა ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდს.
არ არსებობს ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ გიორგი გახარიამ უკანონოდ აღმართა საქართველოს ტერიტორიაზე სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო, - ამის შესახებ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეს საქმე არა მართლმსაჯულება, არამედ პოლიტიკური შურისძიების ტრიბუნალია.
ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. როგორც ბრალდება განმარტავს, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
0
0