
სასამართლომ გიჩო მარგველაშვილი და კობა პაიჭაძე პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს გამოყენების შესახებ არ დააკმაყოფილა. პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლეს ბრალდებულებმა.
გიჩო მარგველაშვილის თქმით, ავტომობილიდან ამოღებული იარაღი მას არ ეკუთვნის და არც მის შესახებ ჰქონია რამე ინფორმაცია. რაც შეეხება კობა პაიჭაძეს, ის აცხადებს, რომ მანქანაში აღმოჩენილი იარაღი მისია. ასევე, ამბობს, რომ მჭიდი ვაზნებთან ერთად კოჯრის ტყეში იპოვა და სახლში ინახავდა.
"შემხებლობა მარგველაშვილს იარაღთან არანაირი არ ჰქონია, არ აქვს და გამოძიების შემდეგ ეტაპზე შესაბამისი მტკიცებულებების დადების შემდეგ, როგორიც არის სათანადო ექსპერტიზები, ეს ცალსახად დადასტურდება. ამ ეტაპზე, დაცვის პოზიციიდან გამომდინარე, ცალსახად ვაცხადებ, რომ მისი დაკავების ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობდა", - ამბობს ადვოკატი მარიკა ფხალაძე.
პროკურორის, ირაკლი ყვავაძის განცხადებით, საქმეში არაერთი მტკიცებულება არსებობს, მათ შორის, პატრულ-ინსპექტორის ჩვენებები, ასევე, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, საიდანაც ნივთმტკიცებები ამოიღეს.
"ბრალდებულებს ბრალად ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარება ჯგუფურად. დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით, შესაბამისად, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე. მოგეხსენებათ, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ორივე მათგანს შეუფარდა პატიმრობა", - თქვა მან.
0
0