
საქალაქო სასამართლომ დავით მიქაძეს, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და მის დაცვის უფროსს, დავით ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღის მისაკუთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, ჯგუფურად იარაღის შენახვა-გასაღების ფაქტს.
შესაბამისი გადაწყვეტილებით მოსამართლე, თეონა ეპიტაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა, რომ გამოეყენებინა უმკაცრესი სასჯელი პატიმრობის სახით, დააკმაყოფილა.
დავით მიქაძის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, პროკურორმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დანაშაულის არსებობის შთაბეჭდილებას მაინც შექმნიდა.
გელბახიანის თქმით, ბრალდების მხარე ამტკიცებს, თითქოს ჩუბინიძემ და მიქაძემ იარაღი მიყიდეს ღვინთელიანს, თუმცა ამასთან დაკავშირებით არცერთი ჩვენება ან მტკიცებულება არ არსებობს.
"ძალიან ხმაურიანად წარიმართა სასამართლო პროცესი. კითხვები მქონდა და ვეკამათებოდი პროკურორს, რადგან მან ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება იმის შთაბეჭდილების შესაქმნელად მაინც, რომ შესაძლებელია დანაშაულის ჰქონოდა ადგილი. პროკურატურას მხოლოდ ერთი ჩვენება აქვს. პროკურორს ვკითხე, თუ რატომ არ მისცეს პასუხისმგებლობაში კობიაშვილი, როდესაც მას დანაშაული ჩადენილი ჰქონდა. ამაზე პასუხი არ აქვს. ვკითხე, მფარველობთ დამნაშავეს? - არ აქვს პასუხი.
როდესაც ბრალს უყენებ იმაზე, რომ ჩუბინიძემ და მიქაძემ იარაღი მიყიდეს ღვინთელიანს, ვკითხე რა მტკიცებულებები ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. ამ ფაქტზე არანაირი ჩვენება არ არსებობს, პროკურატურა კი ამბობს, რომ მიყიდეს იარაღი და ა.შ.. ერთი წყარო დაგვისახელონ, თუ რის საფუძველზე ითხოვს პატიმრობას. ვერ გვისახელებენ წყაროს. სასამართლოს ვუთხარი, რომ ეს ტენდენცია უკვე საფრთხეს აჩენს, რომ ყველას დაჭერა გახდება შესაძლებელი უკონტროლოდ",- განაცხადა გელბახიანმა.
1
0