
თურქეთის სასამართლომ 8 წლის გოგონას, ნარინ გურანის, განზრახ მკვლელობაში მონაწილეობაში ბრალდებულ დედას, ძმას და ბიძას პატიმრობა შეუფარდა.
პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ნარინ გურანის მკვლელობაში ბრალდებული პირები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.
სასამართლოს პროკურორებმა გოგონას დედას, ძმას და ბიძას მკვლელობაში მონაწილეობაში, ხოლო ექვს ადამიანს, მათ შორის ბიძებს და ბიძაშვილებს, მტკიცებულებების განადგურებაში წაუყენეს ბრალი. პროკურატურამ გურანის მამა პატიმრობიდან გაათავისუფლა. გარდაცვლილის დედამ და ძმამ ყველა ბრალდება უარყვეს. გურანის მკვლელების დასჯის მოთხოვნით, პოლიტიკურმა პარტიებმა და ქალთა ჯგუფებმა თურქეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გამართეს.
Reuters-ის ინფორმაციით, ნარინ გურანი 21 აგვისტოს გაუჩინარდა თავისი სოფლიდან, რომელიც თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ დიარბაქირიდან 10 კმ-ში მდებარეობს.
პოლიციამ მისი ცხედარი, 8 სექტემბერს, ახლომდებარე მდინარის კალაპოტში იპოვა. ცხედარი ხის ტოტებით და ქვებით იყო დაფარული. მედიის ცნობით, ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ გოგონას კისერზე დაზიანებები ჰქონდა. ნარინ გურანს არ აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების კვალი და არც შინაგანი სისხლდენა. სიკვდილის გამომწვევი მიზეზი კვლავ დაუდგენელია.
0
0