18/10/2025
21:57

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ პირებს – გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს და თემურ ქურციკიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს 10 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა.
გადახდის ვადად კი 30 დღე განესაზღვრა.
ბრალდების მხარე სხდომაზე ოთხი პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო მარიამ მეყანწიშვილის მიმართ გირაოს შეფარდებას.
პროკურორის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან არსებობს მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება.
როგორც ადვოკატმა, ბორის ჩელე ყურუამ განაცხადა, პროცესზე არ იყო დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.
„პროცესზე არ იყო დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, მით უმეტეს ისეთი მკაცრი ზომის გამოყენება, როგორიცაა პატიმრობა. ჩვენ ვიხილეთ, რომ კიდევ ერთხელ, შაბლონური დასაბუთებით, ინდივიდუალური დასაბუთების გარეშე კიდევ ერთხელ კონკრეტული პირების კონსტიტუციურ გარანტიებზე წინ სასამართლომ დააყენა სამართალწარმოების ეფექტურად წარმოების ინტერესი. სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ეს ადამიანები ციხეში არ უნდა იყვნენ“, – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატს, მისი თქმით, პროცესის დაწყებამდე იყო ინფორმირებული, რომ ბრალდების მხარე გირაოს ითხოვდა.
„ვიდრე პროცესი დაიწყებოდა ინფორმირებული ვიყავით, რომ საპატიმრო გირაოს ითხოვდა ბრალდების მხარე. დაცვის მხარე მოვითხოვეთ, რომ საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინათ მარიამ მეყანწიშვილი, თუმცა ასევე, ალტერნატივის სახით ვითხოვდით არასაპატიმრო გირაოს გამოყენებას, რომლის უფლებამოსილება დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს ჰქონდა. კარგი ამბავია, რომ მარიამი შეძლებს, გირაოს ფარგლებში გამოვიდეს და საკანს ფარგლებს გარეთ გააგრძელოს ბრძოლა, რომელსაც დღემდე ყველასთან ერთად აგრძელებს“, – განაცხადა ადვოკატმა.
0
0