20/09/2021
12:14
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.
სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.
პროკურატურა მიმალვაში მყოფი პირების მიმართ სავარაუდოდ, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. დაცვის მხარის პოზიცია კი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
პროკურატურამ ბრალდებულებს აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. შესაბამისად, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაც დაუსწრებლად მოხდება.
ცნობისთვის, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.
0
0